Accentnews.ge
ხაბეიშვილი: ენმ გააგრძელებს ბრძოლას სააკაშვილისთვის, გვარამიასთვის და ლაზარე გრიგორიადისისთვის

ხაბეიშვილი: ენმ გააგრძელებს ბრძოლას სააკაშვილისთვის, გვარამიასთვის და ლაზარე გრიგორიადისისთვის

12/05/2023 18:33:13 პოლიტიკა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.

„საქართველოში რუსული პარტია ცდილობს, სხვადასხვა სახის ინფორმაცია შეასაღოს საზოგადოებას ისე, როგორც მათ სურთ. დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში: სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით, სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია. მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო საქმე და შესაბამისად, სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება", - თქვა ხაბეიშვილმა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ბრძოლა გაგრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას გააგრძელებს ქვეყნის თავისუფლებისთვის, სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის, ლაზარეს თავისუფლებისთვის, დაკავებული ოფიცრების გათავისუფლების, მათ შორის რომან შამათავას და სხვა სამხედრო ბიჭების, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ჰყავთ დაკავებული. ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე“, - თქვა ლევან ხაბეიშვილი.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 12 მაისს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, დაცვის მხარემ სარჩელის განხილვამდე გამოიყენა ყველა პროცედურული ბერკეტი.

„მინდა, გარკვეული ბუნდოვანება გავფანტო, რომელიც არსებობს ამ პასუხთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ, იუსტიციის სამინისტრომ შექმნა დღევანდელი ბრიფინგით.

ეს არ გახლავთ ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე. მისი ძირითადი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს სასამართლო არსებითად განიხილავს. ეს გახლდათ პროცედურული, დროებითი ღონისძიება, სარჩელის განხილვამდე, სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება. დაცვის მხარემ, ბუნებრივია, პროცესის დაწყებამდე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება, სწორედ, ამგვარი მექანიზმი იყო. ამ პროცედურულ საკითხზე ევროპულმა სასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვარშავაში", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ და დასძინა, "ჩვენი მოთხოვნა საქმის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა მესამე პრეზიდენტის საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S