კობახიძე: "რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი აქტუალური არ არის"
14/05/2023 14:45:14 პოლიტიკა
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„ჩვენი მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც მიესადაგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. აქედან გამომდინარე, მისი აქტუალიზება არ მგონია, სწორი იყოს", – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
რაც შეეხება ფრენების საკითხს, კობახიძე ამბობს, რომ "საქართველო საერთაშორისო პრინციპებთან სრული თავსებადობით იმოქმედებს":
„რაც შეეხება ფრენებს, თავის დროზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებს ცალმხრივად დაუწესდათ სასჯელი, დღეს ეს სასჯელი მოიხსნა. ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელია. საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაფიოდ თქვა, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება მიღებული, მაგრამ არასანქცირებული ბორტებს მივიღებთ“.
2023 წლის 10 მაისს რისეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა გააუქმა.


