ვის ხედავს ქართველებად პუტინის რეჟიმი და რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში რეალურად
14/05/2023 23:56:41 პოლიტიკა
მოსკოვის კვალდაკვალ საქართველოს მმართველი ძალის წარმომადგენლებმა ბოლო დროს მოუხშირეს იმ კრემლისტურ სიცრუეზე აპელირებას, თითქოს რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობდეს. არადა რეალურად, რუსეთის ბოლო საყოველთაო აღწერის ოფიციალური მონაცემების თანახმად, რუსეთში ქართველების რაოდენობა 112 765-ს შეადგენდა.
ეს აღწერა ჩატარებულია მანამდე, სანამ პუტინი რუსეთში უკრაინასთან საომრად სამხედრო მობილიზაციას გამოაცხადებდა. ომში მოსალოდნელ გაგზავნას რუსეთიდან, როგორც ცნობილია, ასიათასობით მოქალაქის გაქცევა მოჰყვა. თავად რუსებთან ერთად, მობილიზაციას გამოექცნენ სხვა ეროვნებების წარმომადგენლებიც, მათ შორის - ბევრი ქართველიც, ვინაიდან პუტინის მიერ შემოღებული კანონის თანახმად, სამხედრო ვალდებულება ავტომატურად ვრცელდება რუსეთში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირზე, განურჩევლად იმისა, ფლობს თუ არა იგი ამ ქვეყნის მოქალაქეობას.
აქედან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, სადღეისოდ რუსეთში მცხოვრები ქართველების რაოდენობა კიდევ შემცირდა და სადღეისოდ, მაქსიმუმ, 100 000-ს აღწევდეს, ხოლო განცხადებები „მილიონამდე ქართველის შესახებ“ კრემლის ნარატივის შესაბამისი მტკნარი სიცრუეა, რომლის გამოყენებას „ქართული ოცნება“ რუსეთის მიმართ ყოველი ახალი რევერანსის, - ამჯერად, მაგალითად, პირდაპირი ფრენების აღდგენაზე თანხმობის გასამართლებად ცდილობს.
ამასთან, რუსეთში ჩატარებული ბოლო საყოველთაო აღწერის საჯარო დოკუმენტაციას თუ გადავხედავთ, ვაწყდებით ძალზე „საინტერესო“ კატეგორიებს, რომლებადაც პუტინის რუსეთში ქართველებს ყოფენ და თვალნათლივ ვხედავთ იმასაც, ვის არ თვლიან რუსეთში ქართველებად.
ასე, მაგალითად, ერთ-ერთ ცხრილში, „ქართველების“ გრაფაში ჩამოთვლილები არიან „ბაცბელები, ქართველ-ჩეჩნები, გურულები, იმერლები, ქართველები, თბილისელები, თურქ-ქართველები ქართული ენით, თუშები და ხევსურები), ცალკე გრაფებად კი (ანუ არა ქართველებად) ჩამოთვლილები არიან აჭარლები, ინგილოები, ლაზები, მეგრელები და სვანები.
ამის გათვალისწინებით, ნათელი უნდა იყოს, რა რეალური დამოკიდებულება და ზრახვები აქვს საქართველოს მიმართ პუტინის რეჟიმს, რომელიც (2008 წელს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების შემდეგ) უკვე თითქმის 15 წელია, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბუჩად იგდებს და არც კი ფიქრობს ჩვენი ქვეყნიდან საოკუპაციო ჯარის გაყვანაზე.
მეტიც, პუტინის რეჟიმი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკვე ანექსიისკენ მიმართულ მკაფიო ნაბიჯებს დგამს, რასაც იქაური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი (განსაკუთრებით - აფხაზეთში) ღიად აპროტესტებს. პარალელურად რუსეთი არც ე.წ. მცოცავ ოკუპაციას წყვეტს და არც ქართველების გატაცებას: მარტო ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თუ ოსურ "უშიშროების სახელმწიფო კომიტეტს" დავუჯერებთ, რუსმა ოკუპანტებმა დე ფაქტო საზღვართან საქართველოს 45 მოქალაქე გაიტაცეს...
რაოდენ "ადექვატურია" ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ თავის მუდმივი ქება "მშვიდობით" - თავად განსაჯეთ.
ისიც გაიაზრეთ, რაოდენ "ადექვატურია" ამ ფონზე ბოლო დღეების განცხადებები მოსკოვის ვითომდა „დათმობაზე წამოყვანასა“ და პუტინის რეჟიმის ნაბიჯების რაღაც „ჰუმანიტარულ“ ასპექტზე, რომელიც კრემლის მიერ 10 მაისს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის ამასწინანდელ გაუქმებას მოჰყვა.
თუმცა "ოცნების" მხრიდან თავის ამ არაადექვატურ ქებას ვინ ჩივის? - ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოაგდეს ახალი - ძალზე სახიფათო სადეზინფორმაციო ნარატივი: აქაოდა, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შემხედვარე მოსკოვმა შემდეგ შემხვედრ ნაბიჯად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შიძლება, დაგვიბრუნოსო!..
რუსეთს რომ აფხაზეთიცა და ცხინვალის რეგიონიც თავისთვის უნდა - ამას უკვე აფხაზები და ოსებიც მიხვდნენ. მაგრამ მას სათავისოდ უნდა მთელი დანარჩენი საქართველოც და ეს, სხვა არაერთ რუს ჩინოსანთან ერთად, მკაფიოდ გვითხრა ყოფილმა პრემიერმა და პრეზიდენტმა, სადღეისოდ - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმაც, რომელმაც, კერძოდ, განაცხადა:
„საქართველოს გაერთიანება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მხოლოდ დიდი რუსეთის შემადგენლობაშია შესაძლებელიო“.
ასე, რომ სანამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ახალ საშიშ ნარატივს დაიჯერებდეთ, გაიხსენეთ, რა ჩაიდინა საქართველოს მიმართ უკვე, ახლა რას სჩადის და კიდევ რას გვიპირებს რეალურად ჩრდილოელი ოკუპანტი მეზობელი!


