საავიაციო სააგენტო: "შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი, მაგრამ ფრენების ნებართვას შესწავლის შემდეგ გავცემთ"
15/05/2023 07:10:07 პოლიტიკა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით სადღეისოდ უწყებაში რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადია შესული.
მისი ცნობით, საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენები მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით შესრულდება, რომლებიც სანქცირებულნი არ არიან.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმებით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებაში. ამასთან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ახორციელებს იმ სახელწიფოებთან კონსულტაციებს და მათი მაგალითების შესწავლას, რომლებიც იცავენ სანქციებს და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან. გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული".
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.
პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები შესაძლოა, 16 მაისიდან განახლდეს.


