აეროპორტების გაერთიანება: სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიებით და ბორტებით შესრულდება
15/05/2023 07:40:05 პოლიტიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ქვეყანაში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში.
"გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშოროსო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე. კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომა არცერთ საერთაშორისო აეროპორტს შორის არ იქნება", - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
მანამდე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენები მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით შესრულდება, რომლებიც სანქცირებულნი არ არიან.
მისი ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით სადღეისოდ უწყებაში რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადია შესული. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნავენ, ფრენების ნებართვას შესწავლის შემდეგ გასცემენ.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.
პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები შესაძლოა, 16 მაისიდან განახლდეს.


