ანა ნაცვლიშვილი: "ოცნება" ფრენების აღდგენას ასაღებს, როგორც ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებას
15/05/2023 07:51:12 პოლიტიკა
„ლელოს“ წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილმა აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას ასაღებს, როგორც ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებას".
„უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება არის პუტინის გადაწყვეტილება, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენას სჭირდება ორმხრივი თანხმობა. მხოლოდ რუსეთი ცალმხრივად პირდაპირ ფრენებს საქართველოში ვერ დანიშნავს, თუ თანხმობა არ ექნება.დღევანდელ კონტექსტში რუსეთი აღიარებულია ტერორისტულ სახელმწიფოდ, გენოციდის ჩამდენად, პუტინის წინააღმდეგ მიმდინარეობს ჰააგაში გამოძიება, რუსეთი სანქცირებული სახელმწიფოა, აღარაფერს ვამბობ იმაზე და როგორც ჩანს, ეს ვერ გაითავისა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და თბილისიდან 20 წუთის სავალზე დგას ტანკით. ამ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენის აღდგენას ახლა ასაღებენ როგორც ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებას, კაციჭამია თუ შეიძლება იყოს ჰუმანიტარი? აი, პუტინი არის ჰუმანიტარი კაციჭამია - ამას ამბობს „ქართული ოცნება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა.


