რა შეცვალა 14–მა მაისმა თურქეთში და რას ველით 28 მაისისგან?

15-05-2023 12:06:37 ანალიზი

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიულეტენების 98,38%-ის დათვლის შემდეგ სახელმწიფოს მოქმედი მეთაური რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ხმების 49,34%-ს აგროვებს, მისი მთავარი კონკურენტი ოპოზიციური სახალხო ალიანსიდან ქემალ ქილიჩდაროღლუ - 45%. ამასთან, თურქეთის მოქალაქეების ხმები, რომლებმაც საკუთარი არჩევანი საზღვარგარეთ დააფიქსირეს, ჯერ არ არის დათვლილი. ეს არის წინასწარი მონაცემები, არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების 50%, მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.

მანამდე ერდოღანმა თქვა, რომ ჯერ კიდევ სჯერა პირველ ტურში გამარჯვების შესაძლებლობის, მაგრამ თუ მეორე ტური ხალხის ნებით უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგი არ იქნება. ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ დარწმუნებულია მეორე ტურში გამარჯვებაში:

"თუ მეორე ტური გამოცხადდება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. საზოგადოებაში ცვლილების მსურველი 50%–ზე მეტია".

იმავდროულად, საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 99,55%-ის დათვლის შემდეგ, რესპუბლიკური ალიანსი, რომელსაც რეჯეფ ტაიპ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია ხელმძღვანელობს, 49,3%-ს აგროვებს, შესაბამისად, პარლამენტში 600 ადგილიდან დაახლოებით 322-ს იღებს, ხოლო ოპოზიციური ალიანსი 35,19% აგროვებს (დაახლოებით 212 მანდატი). ამდენად, ერდოღანის კოალიცია პარლამენტში საკმაოდ კომფორტულ პოზიციაში იქნება წარმოდგენილი.

ერდოღანი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყანას ჯერ პრემიერ-მინისტრისა და მოგვიანებით პრეზიდენტის რანგში. 14 მაისის კენჭისყრას მოქმედი პრეზიდენტისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას უწოდებდნენ: წინასაარჩევნო გამოკითხვების უმეტესობამ მისი მთავარი საარჩევნო კონკურენტის ქემალ კილიჩდაროღლუს უმნიშვნელო უპირატესობა აჩვენა.

ქილიჩდაროღლუ (ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა კანდიდატად) წარმოადგენს ეროვნულ რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც მხარს უჭერს სახელმწიფოს სეკულარულ ბუნებას. ის ცნობილია თავისი გამოსვლებით კორუფციის წინააღმდეგ და თურქეთის განვითარების პროევროპული გზით.

ისტორიკოსი, უსაფრთხოების სპეციალისტი დავით ბრაგვაძე მეორე ტურიდან მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელის.

„იმის მიუხედავად, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული მეორე ტურში გაირკვევა, ვფიქრობ, ფავორიტად მაინც ერდოღანი უნდა მივიჩნიოთ. ამის მთავარი მიზეზი საპარლამენტო არჩევნების შედეგებია. გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია მეორე ტურში ბევრად მოტივირებული იქნებოდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქილიჩდაროღლუს შანსი არ ექნება, მაგრამ ეს შანსი ახლა ბევრად დაბალია, ვიდრე შეიძლება, ყოფილიყო.

არჩევნების შედეგების გეოგრაფია იყო ტრადიციული და ლოგიკური: ერდოღანმა მოიგო იქ, სადაც სულ იგებს და წააგო იქ, სადაც სულ აგებს [მსხვილ ქალაქებში ერდოღანს დაბალი მხარდაჭერა აქვს, პროვინციებში – მაღალი – რედ.]“,– ამბობს ბრაგვაძე.

მისი დაკვირვებით, მსგავსი შედეგები ოპოზიციის შეცდომებმა განაპირობა:

„ჩემი აზრით, ოპოზიციამ მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატად ქილიჩდაროღლუ დაასახელა: გამოცდილი პოლიტიკოსი და აკადემიურია, მაგრამ ასეთი ხალხი არ უყვართ ჩვენს რეგიონში. მას არ აქვს საკმარისი ქარიზმა, ისეთ პოლიტიკურ ცხოველთან გადამწყვეტი უპირატესობის მისაღებად, როგორიც ერდოღანია.

რა არის ქილიჩდაროღლუს მთავარი ინდივიდუალური წარმატება თურქულ პოლიტიკაში? 6-ჯერ მოგებული ოლქები საპარლამენტო არჩევნებში, იქ სადაც ნებისმიერი ქემალისტი მოიგებდა (სამჯერ სტამბოლი, სამჯერ იზმირი). არადა ოპოზიციას, როგორც მინიმუმ, ორი უფრო პოპულარული და ქარიზმატული ლიდერის დასახელების შანსი ჰქონდა. ისევ ჩემი აზრით, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ და ანკარას მერი მანსურ იავაში ერდოღანს მეტ პრობლემას შეუქმნიდნენ“.

ამდენად, მისი დასკვნით, მაღალი ალბათობით, „სეკულარულ თურქეთზე ოცნებამ „ჩაილურის წყალი“ დალია და როგორც მინიმუმ, 5 წლით გადაიწია“: „თუმცა თუ ოპოზიცია მობილიზებას და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერდოღანის დამარცხებას შეძლებს, რაც ამ გადასახედიდან უკვე ძნელად წარმოსადგენია, დიდი ცვლილებების შანსი შენარჩუნდება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები