ლარს ლოკე რასმუსენი: "თუ შეასრულებთ კრიტერიუმებს, დანია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას"
15/05/2023 11:22:04 პოლიტიკა
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენის გაცხადებით, "თუ საქართველო კრიტერიუმებს შეასრულებს, კოპენჰაგენი თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს". ამის შესახებ მან ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასე რომ, ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, ამბიციებისა და მისწრაფებების რეალიზება განახორციელოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დანია მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი უკავშირდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეასრულოს ეს კრიტერიუმები. საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ამ კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოს გუშინ ეწვია. ილია დარჩიაშვილის გარდა, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრები უკვე გამართა. ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად საქართველოში დანიის საელჩოს ოფიციალურად გახსნის.


