რუსულ ავიაკომპანიებს ფრენები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში სურთ
15/05/2023 11:33:05 პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსულ კომპანიებს ფრენების განხორციელება საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში სურთ.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ დროისთვის დოკუმენტების შესწავლა მიმდინარეობს.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სანქცირებული ბორტები და კომპანიები საქართველოში არ დაიშვებიან:
"ჩვენ ვეფუძნებით ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც რუსეთთან ფრენები აქვთ. ეს არის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს, რომ არც სანქცირებული ბორტები და არც კომპანიები არ იქნებიან დაშვებულნი ამ ქვეყნის ბაზარზე. ევროკავშირს აქვს ე.წ. შავი სია, რომლებიც არიან სანქცირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფრენების უსაფრთხოება და ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანხვედრაში „იკაოს“ მოთხოვნებთან. ამიტომ, ბორტებს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ შეკეთებასა და სერვისზე, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ. ჩვენ, ყველა იმ კომპანიას და ბორტს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საშუალებას მივცემთ ფრენები განახორციელონ. დღეისთვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ბათუმის და ქუთაისის მიმართულებებზე. საზოგადოებაში ცალსახა განწყობები არ არის. განსხვავებული აზრებია. კონკრეტული ჯგუფების ღელვა გასაგებია, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილს შეიძლება, საკმაოდ დიდ შეღავათს აძლევდეს პირდაპირი ფრენები. ამას აქვს სოციალური მნიშვნელობა, რადგან ეთნიკურად ქართველები, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვერ სარგებლობდნენ პირდაპირი მიმოსვლით. ეს მათ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“.
მოგვიანებით, მინისტრმა დააკონკრეტა, რომ განაცხადები შესულია სამი რუსული და ერთი ქართული კომპანიისგან, თუმცა მათი სახელები მედიისთვის არ მიუწოდებია.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.
პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
რუსული მედიის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა სავარაუდოდ, 16 მაისს განახლდება.
როგორც გამოცემა РБК-ს რუსეთის საავიაციო მმართველობასა და "აზიმუტთან" დაახლოებულმა წყარომ უამბო, ავიაკომპანიები "აზიმუტი" და "Georgian Airways" მოსკოვი-თბილისის რეისების დაწყებას მომავალი კვირიდან გეგმავენ, თუკი ორ ქვეყანას შორის ფრენების განსაახლებლად ბოლო ფორმალობები მოგვარდება.
მისივე ინფორმაციით, "აზიმუტმა" მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტიდან თბილისისკენ ფრენები 16 მაისიდან შეიძლება დაიწყოს, ხოლო "Georgian Airways"-მა — 18 მაისიდან.
"შესაძლოა, 18 მაისიდან ვერ მოესწროს და მოსკოვისკენ ფრენები ოდნავ მოგვიანებით დავიწყოთ, მაგრამ უახლოესი ათი დღის განმავლობაში, ვიმედოვნებ, ამას შევძლებთ"- განუცხადა გამოცემას "Georgian Airlines"-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და იქვე დაადასტურა ინფორმაცია რუსული "აზიმუტის" მიერ მომავალი კვირიდან ფრენების დასაწყებად მზადების თაობაზე.
ორივე ავიაგადამზიდმა უკვე აცნობა თბილისის აეროპორტს რუსეთიდან რეისების მზადების შესახებ, - დაუდასტურა РБК-ს თბილისის აეროპორტის მმართველი თურქული ჰოლდინგის - TAV Airports-ის კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორმა ერხან უსთუნდაგმა.
მისივე თქმით, "აზიმუტი" თბილისისკენ რეისების კვირაში 6-ჯერ განხორციელებას გეგმავს.
რუსული გამოცემის ცნობით, თბილისსა და მოსკოვს შორის რეისებისთვის ბილეთების გაყიდვის დაწყების საკითხს "Georgian Airways"-ის სპეციალისტები მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავენ.
მისივე ინფორმაციით, "აზიმუტი" თვითმფრივანებით "Superjet" იფრენს, რომელიც რუსულ ლიზინგურ კომპანიებს ეკუთვნით და სანქცირებული არ არის.
ანალოგიური საჰაერო ხომალდები გააჩნია ასევე ავიაკომპანია "Red Wings"-ს, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე განაცხადა უკვე წარადგინა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.
15 მაისს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ უწყებაში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი. მისი ცნობით, ფრენების ნებართვას შესწავლის შემდეგ გასცემენ.


