15-05-2023 15:45:25 კონფლიქტები ,ანალიზი
სანამ რუსი ოკუპანტები „ქართულოცნებისეული“ „მშვიდობის“ პირობებში დე ფაქტო საზღვრის სიახლოვეს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას განაგრძობენ, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში (რომ აღარაფერი ვთქვათ ფაქტობრივად დანებებულ ცხინვალის რეგიონზე) მოსკოვი, იქაური მოსახლეობის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ენერგიულად ახორციელებს ანექსიის გეგმას, თბილისში მმართველი ძალის წარმომადგენლები ტროლ-ბოტების არმიითურთ კვლავ სიტყვა-სიტყვით იმეორებენ კრემლის სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ნარატივებს, დღითიდღე სულ უფრო გაბედულად იხსნიან ვითომ პროდასავლელობის გაცვეთილ ნიღაბს, სულ უფრო მეტად უწყობენ ხელს საქართველოში რუსეთის ეკონომიკურ ექსპანსიას, ამავდროულად, ლუბიანკისეული „არგუმენტებით“ სულ უფრო ხისტად უპირისპირდებიან ცივილიზებულ სამყაროს, რითაც ქვეყანას დასავლელ პარტნიორებს საბოლოოდ უკარგავენ, პუტინის აგრესორი სახელმწიფოს პირისპირ მარტოს, დაუცველს ტოვებენ და ამ ნოყიერ ნიადაგზე საქართველოს მოსახლეობისთვის ნელ-ნელა განსაკუთრებით საშიში მორიგი სიცრუის შემოპარებაც დაიწყეს: თითქოს თბილისის „პრაგმატული“ პოლიტიკის სანაცვლოდ რუსეთმა, რომელიც „დათმობაზე წამოვიდა“, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენების აკრძალვაც მოგვიხსნა, შემდეგ ნაბიჯად შესაძლოა, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნოს.
ეს თემა ორიოდ დღის წინ, მაგალითად, დეპუტატ ირაკლი ზარქუას იმ განცხადებაშიც ჟღერდა, რომლითაც „ოცნების“ წევრი სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას ეხმიანებოდა: "შემდეგი კარგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მხრიდან, აფხაზეთი დააბრუნოს, მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ოსეთი დააბრუნოს. ეს არის სწორი მიდგომაო“.
ვიხილეთ ასევე კოტე ზარნაძის მიყოლებით ორი ფეისბუქ-პოსტიც: [...] სწორი პოლიტიკით აფხაზეთსაც დავიბრუნებთ და სამაჩაბლოსაცო“.
სწორი პოლიტიკით - დიახ, მაგრამ რამდენად სწორია სინამდვილეში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა როგორც ოკუპირებულ რეგიონებთან, ისე რუსეთთან მიმართებაში და არსებობს კი რაიმე რეალური საფუძველი, მსგავსი პოლიტიკის საპასუხოდ ოკუპანტი ქვეყნის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს „კეთილი ნებით“ დაბრუნების იმედი ვიქონიოთ? - სამწუხაროდ, არავითარი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კი, მათ შორის განსაკუთრებით ანტიდასავლური ვექტორი, რეალურად, მხოლოდ გვაშორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას.
ის, თუ რატომაა ასე, „აქცენტთან“ საუბრისას რეინტეგრაციის საკითხთა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა. იგი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოზიციონირებას დემაგოგიურად მიიჩნევს, გზავნილს - პროპაგანდისტულად, მიზანს კი მოსკოვთან მიმართებაში თბილისის პოლიტიკით გაღიზიანებული ქართული საზოგადოების დაშოშმინებასა და მორიგი ილუზიის შექმნაში ხედავს. კონფლიქტოლოგი დარწმუნებულია, რომ რუსეთს საქართველოს თავის წიაღში დაბრუნება აქვს განზრახული და არა საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება.
ზაქარეიშვილი საქართველოს კონფლიქტების ხასიათზე, ისტორიაზე ამახვილებს ყურადღებას და შეახსენებს როგორც მსგავსი პროპაგანდისტული გზავნილების ავტორებს, ისე ქართულ საზოგადოებას, რომ „რუსეთი რასაც იღებს, არასოდეს აბრუნებს – ეს მისი იმპერიული ბუნებაა“.
„რუსეთს არაფერში სჭირდება, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს დაუთმოს. ტყუილია, დემაგოგია და პროპაგანდა, თითქოს ახლა რაღაც პირობები იქმნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ვინც ამას ამბობს, წარმოდგენა არ აქვს, როგორ წარმოიშვა ჩვენი კონფლიქტები, როგორ „აფათურებდა“ ამაში ხელებს რუსეთი, როგორ აფართოებდა ქართველებსა და აფხაზებს შორის ნაპრალებს, რომელიც მანამდე არსებობდა.... კეთილი უნდა ინებონ [ხელისუფლებამ - რედ.] და შეისწავლონ ეს ყველაფერი! მაშინ ისიც ეცოდინებათ, რომ რუსეთი არასდროს დაგვითმობს იმას, რაც მას თავად სჭირდება“ - განაცხადა კონფლიქტოლოგმა.
იმის დასტურად, რომ რუსეთი ნებით საქართველოსთვის არავითარი ტერიტორიების დაბრუნებას არ გეგმავს, იგი ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვის ბოლოდროინდელ ანექსიურ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას:
„რუსეთი ყველანაირად ცდილობს, მიიბას აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მათ შორის - კანონმდებლობით. აფხაზები უფრო წევენ წინააღმდეგობას, ვიდრე ოსები: აფხაზეთში რუსებმა დღემდე ვერ მოაგვარეს ბიჭვინთის ტერიტორიის მათთვის გადაცემის საკითხი, ისევე, როგორც სტრატეგიული ობიექტების, მიწისა და უძრავი ქონების მიყიდვის თემა. ამ ფონზე მოსკოვი აღიარების საკითხით მანიპულირებს: აფხაზებს ილუზიას უქმნის, თითქოს მათ [ბელარუსები - რედ.] აღიარებენ და ამავდროულად, ამ საკითხებს მანიპულაციისთვის იყენებს თბილისთანაც. რუსეთს რომ ამ რეგიონებში საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე სურდეს მოქმედება, [ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს - რედ.] ალექსანდრე ლუკაშენკოს არ გაგზავნიდა ამასწინათ აფხაზეთში, ხოლო შემდეგ [აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს - რედ.] ასლან ბჟანიას - მინსკში“.
ზემოთთქმულის გათვალისწინებით, კონფლიქტოლოგი დარწმუნებულია, რომ შეუძლებელია, კონფლიქტები რუსეთის წიაღში მოვაგვაროთ, მათ გადასაჭრელად აუცილებელია საერთო ენის გამონახვა თავად აფხაზებთან, ოსებთან და „სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა და არა რუსეთზე ჩამოკიდება“:
„საქართველო–რუსეთის კონფლიქტი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს მოსაგვარებელი ურთიერთობები თავად აფხაზებთან და ოსებთან – ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. უნდა გვქონდეს მათთან პირდაპირი კონტაქტები. მათ უნდა დაინახონ საქართველოში ნორმალური სახელმწიფო. სხვა შემთხვევაში მუდმივად ვიქნებით რუსეთის სატელიტი და მოსკოვი იმას გააკეთებს, რაც სურს“.
ამ კონტექსტში ზაქარეიშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი პოლიტიკის პირობებში ევროინტეგრაციის კუთხით შექმნილი გამოწვევები მხოლოდ აშორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას:
„ტერიტორიების დაბრუნება მოხდება შერიგებით და სწორედ ევროკავშირის კონტექსტიდან გამომდინარე: თუ დავარწმუნებთ აფხაზებსა და ოსებს, რომ საქართველო ნამდვილად იქნება დემოკრატიული, ნორმალური ქვეყანა და ერთად შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანებას. ბევრ აფხაზს ხომ საქართველო სწორედ რუსეთისგან დისტანცირებული, ევროპული აინტერესებს და არა რუსული, ბევრს უნდა ევროპა და ელოდება საქართველოს. ხოლო თუ საქართველო თავად მიდის რუსეთში, რა რჩებათ მათ? - დანებდნენ მოსკოვს? ამიტომაა, რომ ევროინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევები მხოლოდ გვაშორებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას!“.
კონფლიქტოლოგის თქმით, უნდა გვსმოდეს, რომ "რუსეთისთვის ერთი „დეპარტამენტია“ უკრაინა, მეორე – კავკასია, მესამე – ცენტრალური აზია და მიმდინარე ომში უკრაინის გამარჯვება (რაც რეალურია) არ ნიშნავს, რომ რუსები ავტომატურად საქართველოდანაც გაიყვანენ ჯარებს - მათ შესაძლოა, პირიქით, გაამკაცრონ კიდეც პოლიტიკა“:
„ეს ჩვენს პოლიტიკაზეა დამოკიდებული და არა რუსეთის „კეთილგანწყობაზე“. მაგრამ როგორია დღეს ჩვენი პოლიტიკა? - დასავლეთისგან დისტანცირება?! თუ „ქართული ოცნება“ ასე გააგრძელებს და მიაღწევს იმას, რომ კვლავ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის გარეშე, მარტონი დავრჩებით, მაშინ ვეღარ შევძლებთ აფხაზებთან და ოსებთან საუბარს, რადგან აღარაფერი გვექნება მათთვის შესათავაზებლად და ისინი რუსეთთან საბოლოოდ ინტეგრირდებიან“.