რუსეთის მიერ ავიაემბარგოს მოხსნით საქართველოს მთავრობა ტურიზმში წელს 300-400 მლნ აშშ დოლარით მეტ შემოსავალს ელის
15/05/2023 12:00:50 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა ავიაემბარგოს მოხსნის გავლენით ტურიზმში წელს 300-400 მლნ აშშ დოლარით მეტ შემოსავალს ელის. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულებაზე უარის თქმა არაპრაგმატული იქნებოდა.
„ტურიზმის ნაწილში წლის განმავლობაში ჩვენ 300-400 მლნ დოლარის ეფექტს ველოდებით, რასაც ფრენების ეფექტი შეიძლება, დავარქვათ. ჯამში იცით, რომ 2019 წელს რუსეთის ფედერაციიდან შემოსავალი ტურიზმში 1 მლრდ დოლარამდე იყო. ტურიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ყველაზე ინკლუზიური მიმართულებაა, რომელიც ძალიან ბევრ დარგს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის სტატისტიკა საკმაოდ კარგია, მაგალითად, შარშან 3.5 მლრდ დოლარი გვქონდა, რაც 2019 წლის მონაცემებს აღემატებოდა, ძალიან ბევრი ტურისტული ობიექტი და ე.წ. გესთჰაუსი ჯერ კიდევ დაუსაქმებელია. ჩვენთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ ბაზარზე დამოკიდებულება ჩვენი ამოცანა არ არის. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაჩვენეთ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ახალი ბაზრებიდან ნაკადების შემოყვანა კარგი ორგანიზებით, მაგრამ ტრადიციული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების აღდგენა მნიშვნელოვანია, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანი ... ამაზე სულ საუბარია, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარი ჯერ ვერ აღვადგინეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.
პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
რუსული მედიის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა სავარაუდოდ, 16 მაისს განახლდება.
როგორც გამოცემა РБК-ს რუსეთის საავიაციო მმართველობასა და "აზიმუტთან" დაახლოებულმა წყარომ უამბო, ავიაკომპანიები "აზიმუტი" და "Georgian Airways" მოსკოვი-თბილისის რეისების დაწყებას მომავალი კვირიდან გეგმავენ, თუკი ორ ქვეყანას შორის ფრენების განსაახლებლად ბოლო ფორმალობები მოგვარდება.
მისივე ინფორმაციით, "აზიმუტმა" მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტიდან თბილისისკენ ფრენები 16 მაისიდან შეიძლება დაიწყოს, ხოლო "Georgian Airways"-მა — 18 მაისიდან.
"შესაძლოა, 18 მაისიდან ვერ მოესწროს და მოსკოვისკენ ფრენები ოდნავ მოგვიანებით დავიწყოთ, მაგრამ უახლოესი ათი დღის განმავლობაში, ვიმედოვნებ, ამას შევძლებთ"- განუცხადა გამოცემას "Georgian Airlines"-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და იქვე დაადასტურა ინფორმაცია რუსული "აზიმუტის" მიერ მომავალი კვირიდან ფრენების დასაწყებად მზადების თაობაზე.
ორივე ავიაგადამზიდმა უკვე აცნობა თბილისის აეროპორტს რუსეთიდან რეისების მზადების შესახებ, - დაუდასტურა РБК-ს თბილისის აეროპორტის მმართველი თურქული ჰოლდინგის - TAV Airports-ის კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორმა ერხან უსთუნდაგმა.
მისივე თქმით, "აზიმუტი" თბილისისკენ რეისების კვირაში 6-ჯერ განხორციელებას გეგმავს.
რუსული გამოცემის ცნობით, თბილისსა და მოსკოვს შორის რეისებისთვის ბილეთების გაყიდვის დაწყების საკითხს "Georgian Airways"-ის სპეციალისტები მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავენ.
მისივე ინფორმაციით, "აზიმუტი" თვითმფრივანებით "Superjet" იფრენს, რომელიც რუსულ ლიზინგურ კომპანიებს ეკუთვნით და სანქცირებული არ არის.
ანალოგიური საჰაერო ხომალდები გააჩნია ასევე ავიაკომპანია "Red Wings"-ს, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე განაცხადა უკვე წარადგინა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.
15 მაისს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ უწყებაში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი. მისი ცნობით, ფრენების ნებართვას შესწავლის შემდეგ გასცემენ.


