Accentnews.ge
რუსეთთან ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით პეტიცია კომიტეტს განსახილველად გადაეცა

რუსეთთან ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით პეტიცია კომიტეტს განსახილველად გადაეცა

15/05/2023 12:23:16 პოლიტიკა

პეტიცია „უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის“ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს განსახილველად გადაეცა. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

რეგლამენტის მიხედვით, პეტიციაზე კომიტეტი შემდეგი გადაწყვეტილებებიდან ერთ–ერთ იღებს:

ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას;

ბ) პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის;

გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას. სამინისტრო, სხვა უწყება პასუხს პეტიციის ავტორს და შესაბამის კომიტეტს ერთი თვის ვადაში აცნობებს. შესაბამისი კომიტეტის თანხმობით ეს ვადა შეიძლება, არაუმეტეს ერთი თვით გაგრძელდეს

დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე და უარი ითქვას პირდაპირ ფრენებზე, – ამ მოთხოვნით პეტიცია manifest.ge-ზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.

პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

რუსული მედიის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა სავარაუდოდ, 16 მაისს განახლდება.

როგორც გამოცემა РБК-ს რუსეთის საავიაციო მმართველობასა და "აზიმუტთან" დაახლოებულმა წყარომ უამბო, ავიაკომპანიები "აზიმუტი" და "Georgian Airways" მოსკოვი-თბილისის რეისების დაწყებას მომავალი კვირიდან გეგმავენ, თუკი ორ ქვეყანას შორის ფრენების განსაახლებლად ბოლო ფორმალობები მოგვარდება.

მისივე ინფორმაციით, "აზიმუტმა" მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტიდან თბილისისკენ ფრენები 16 მაისიდან შეიძლება დაიწყოს, ხოლო "Georgian Airways"-მა — 18 მაისიდან.

"შესაძლოა, 18 მაისიდან ვერ მოესწროს და მოსკოვისკენ ფრენები ოდნავ მოგვიანებით დავიწყოთ, მაგრამ უახლოესი ათი დღის განმავლობაში, ვიმედოვნებ, ამას შევძლებთ"- განუცხადა გამოცემას "Georgian Airlines"-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და იქვე დაადასტურა ინფორმაცია რუსული "აზიმუტის" მიერ მომავალი კვირიდან ფრენების დასაწყებად მზადების თაობაზე.

ორივე ავიაგადამზიდმა უკვე აცნობა თბილისის აეროპორტს რუსეთიდან რეისების მზადების შესახებ, - დაუდასტურა РБК-ს თბილისის აეროპორტის მმართველი თურქული ჰოლდინგის - TAV Airports-ის კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორმა ერხან უსთუნდაგმა.

მისივე თქმით, "აზიმუტი" თბილისისკენ რეისების კვირაში 6-ჯერ განხორციელებას გეგმავს.

რუსული გამოცემის ცნობით, თბილისსა და მოსკოვს შორის რეისებისთვის ბილეთების გაყიდვის დაწყების საკითხს "Georgian Airways"-ის სპეციალისტები მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავენ.

მისივე ინფორმაციით, "აზიმუტი" თვითმფრივანებით "Superjet" იფრენს, რომელიც რუსულ ლიზინგურ კომპანიებს ეკუთვნით და სანქცირებული არ არის.

ანალოგიური საჰაერო ხომალდები გააჩნია ასევე ავიაკომპანია "Red Wings"-ს, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე განაცხადა უკვე წარადგინა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

15 მაისს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ უწყებაში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი. მისი ცნობით, ფრენების ნებართვას შესწავლის შემდეგ გასცემენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S