სააკაშვილთან დეპუტატების არშეშვების გამო პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლეს
15/05/2023 13:09:31 პოლიტიკა
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა.
საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, შეუწყვიტოს დეპუტატებს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება.
კორძაიას თქმით, პაპუაშვილის წინააღმდეგ მისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისა და პატიმრის მონახულების ფორმებს, ისევე როგორც დაწესებულებაში შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესს პატიმრობის კოდექსი აწესებს. ამასთან, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულია რამდენიმე თანამდებობის პირი (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ა.შ.), რომელთაც აქვთ სპეციალური ნებართვის გარეშე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება. თავის მხრივ, პატიმრობის კოდექსის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საკუთარი გადაწყვეტილებით შეუძლი,ა პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება პარლამენტის რომელიმე წევრს ერთჯერადად მიანიჭოს. 2022 წლის დეკემბრიდან პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია პარლამენტის წევრებისთვის სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება.


