ლევან ბერძენიშვილი: ჩემი სახლის მიმდებარედ 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა
15/05/2023 13:53:25 პოლიტიკა
პროფესორ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა. მისი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ მას ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.
როგორც იგი აღნიშნავს, პოლიციის გამოძახების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა მისი სახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.
ბერძენიშვილის თქმით, იმ მომენტში სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა იგი ვარაუდობს, რომ უცნობი ადამიანების მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორება იყო.
"აქ ყოფილა დაახლოებით 15-20 ადამიანი, ფიზიკურად კარგად მომზადებული, შესაბამისი ნიღბებით და ეკიპირებით. მე თვითონ არ მინახავს, გზაში ვიყავი. მე გამაფრთხილეს. მათ ჩემი გადაადგილების გრაფიკი შესანიშნავად იციან. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. ხან შემთხვევით მოქალაქე შემხვდება და რაღაცას მეტყვის და ხან რა. ამჟამად მოვდიოდი კავკასიის უნივერსიტეტიდან, როდესაც დავამთავრე ლექციები და დამირეკეს ოჯახიდან, აქ აგრესიულად განწყობილი პირები არიანო. არაფერ უთქვამთ, იღიმებოდნენ, მაგრამ კუნთებზე იყურებოდნენ. როდესაც გამოძახებული იქნა პატრული, ეს ხალხი გაქრა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ეს არის ბოლო დროს აგორებული, რომ თითქოს მე ხევსურებს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე 2013 წელს. როგორ უნდა მიმეყენებინა შეურაცხყოფა, თუ ვინმეს ალუდა ქეთელაური წაკითხული აქვს, მან ნახა სიზმარი, რომ აჭმევდნენ კაცის ხორცს, ამაზე იყო საუბარი. მათ უნდათ შურისძიება ჩემზე იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ თვალში არ მოვუდივარ, ალბათ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო მათი ამოცანა. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს დაგეგმილი ოპერაციები", - განაცხადა ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ბერძენიშვილის სახლთან „პრევენციის მიზნით შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძახებაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ".
შსს– ცნობით, ადგილზე პოლიციას დახვდათ „მშვიდი ვითარება, არ შეინიშნებოდა რაიმე დაპირისპირება ან სამართალდარღვევის ფაქტი“:
„მოხდა გასაუბრება შეტყობინების ინიციატორთან რომელმაც განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან შენიშნა რამდენიმე პირბადიანი პიროვნება და პრევენციის მიზნით გამოიძახა პოლიცია”.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლევან ბერძენიშვილს უპირისპირდებიან. ასე მოხდა რამდენიმე თვის წინაც, როცა მას არ მისცეს საშუალება ყვარლის "ევროკლუბის" "ამერიკულ კუთხეში" ლექცია ჩაეტარებინა. ადგილზე მისული იყო პოლიციაც, თუმცა მან მსმენელებთან შეხვედრა მაინც ვერ შეძლო. მაშინ ბერძენიშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა იმის გამო, რომ ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა.


