რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 17 მაისიდან განახლდება, პირველ ფრენას რუსული კომპანია "Azimuth Airlines" შეასრულებს
15/05/2023 14:09:41 პოლიტიკა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსი გივი დავითაშვილი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირველი ფრენა 17 მაისს შესრულდება.
მისი თქმით, პირველ ფრენას რუსული კომპანია "Azimuth Airlines" შეასრულებს.
"რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულების მოთხოვნით ამ დროის მონაცემებით 5 ავიაკომპანიის განაცხადია შემოსული. მათ შორისაა ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways". ჩვენ გავაანალიზეთ ყველა იმ ქვეყნის მაგალითი, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიები ახორციელებენ ფრენებს და შესაბამისად, პარალელურ რეჟიმში აღნიშნული ავიაკომპანიებიც ახდენენ რუსეთში ოპერირებას და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც იმას გულისხმობს, რომ არც ერთი ავიაკომპანია, რომელიც სანქცირებულია ევროპის ქვეყნების "შავის სიის" მიხედვით, არც ერთი საჰაერო ხომალდი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მხარდაჭერა შეწყვეტილი აქვს, საქართველოს მიმართულებით არ იოპერირებს. ფრენის შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადის წარმოდგენას შესაბამისი კრიტერიუმები აქვს და ავიაკომპანია, რომელიც სურვილს გამოთქვამს ოპერირებასთან დაკავშირებით, მას უნდა აკმაყოფილებდეს. როგორც მოგახსენეთ, უკვე 5 ავიაკომპანიის განცხადებაა შემოსული, საიდანაც ერთის შემოწმება უკვე დასრულებულია და ეს გახლავთ azimuth airlines, რომელიც 17 მაისიდან შეძლებს ფრენების შესრულებას. აღნიშნული ნებართვა დღეს გაიცა საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს მხრიდან და ფრენები 17 მაისიდან დაიწყება“,- განაცხადა გივი დავითაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.
პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.


