სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - Azimuth Airlines არ იმყოფება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქცირებულთა სიაში
15/05/2023 19:03:09 პოლიტიკა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ Azimuth Airlines-ის შესახებ არასწორად ინტერპრეტირებულ ინფორმაციას. ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში (Specially Designated Nationals and Blocked Persons list (“SDN List”) and all other sanctions lists administered by OFAC) და აღნიშნულის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ოფიციალურ წყაროზე. ავიაკომპანია Azimuth Airlines, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატში (AOC) ფიქსირდება, როგორც Joint-Stock Company “AZIMUTH AIRLINES”, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ სანქცირებულთა სიაში მოძიებული კომპანია არის „AZIMUT LLC“, რომელიც წარმოადგენს საჰაერო ნავიგაციისა და საინფორმაციო სისტემების მიმწოდებელ კომპანიას“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 17 მაისიდან განახლდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა კომპანია "Azimuth Airlines"–ზე დღეს გასცა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.
პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.


