დასჯერდება თუ არა პუტინი ფრენებს? გვარგებს თუ გვავნებს აფხაზური სარკინიგზო დერეფნის ამოქმედება?

16-05-2023 00:15:31 ანალიზი

ოფიციალური თბილისი მიესალმა საერთაშორისო დამნაშავე პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, პუტინის ნაბიჯი წარმოაჩინონ „დათმობად“, რომელიც თურმე, „ქართული ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკითაა განპირობებული“. რამდენად მიზანშეწონილია თუნდაც მორალური თვალსაზრისით „საჩუქრების“ მიღება პუტინის პირსისხლიანი დამნაშავე რეჟიმისგან, რომელიც მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აქტიურად დგამს ანექსიურ ნაბიჯებს, ამასთანავე, ლამის ყოველდღიურად იტაცებს დე ფაქტო საზღვართან საქართველოს მოქალაქეებს და კვლავინდებურად აგრძელებს საქართველოს ე.წ. მცოცავ ოკუპაციას - ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ რუსეთი რომ „კეთილი ნებით“ არავის არაფერს უთმობს - საყოველთაოდ ცნობილი, მრავალგზის დადასტურებული ფაქტი.

მოსალოდნელი სანქციების შესახებ დასავლელი პარტნიორების არაერთი მკაფიო გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზეც დასთანხმდა. ამის გასამართლებლად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აგრძელებენ რუსეთში ვითომდა „მილიონამდე ქართველის ცხოვრების“ შესახებ დეზინფორმაციის ფრქვევას და ცდილობენ იმ ილუზიის შექმნას, თითქოს პუტინმა ეს ნაბიჯიც საქართველოს მოქალაქეებზე „ზრუნვით“ - „ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე“ გადადგა. არადა, როგორი „ჰუმანურია“ და როგორი „ზრუნვა“ შეუძლია საქართველოს მოქალაქეებზე პუტინს - ყველას გვახსოვს ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდელი კადრებიდან, რომელზეც ვხედავთ, როგორ მასობრივად აკავებენ რუსეთში ქართველებს, მერე კი კარტოფილის ტომრებივით, თვითმფრინავის საბარგულით ამგზავრებენ სამშობლოში, მათ შორის - მოხუცებსა და ფეხმძიმე ქალებს, რასაც საქართველოს სამი მოქალაქის სიცოცხლეც ემსხვერპლა... მერე გვახსოვს ომი, ოკუპანტების სისასტიკე, ორი ქართული რეგიონის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება, მერე - მცოცაცი ოკუპაცია და ე.წ. გამყოფი ზოლების სიახლოვეს საქართველოს მოქალაქეების გაუთავებელი გატაცება.... გვახსოვს ოთხოზორია, ტატუნაშვილი, სხვები... დღეს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის აქტიურ ანექსიურ ნაბიჯებს ვადევნებთ თვალს, ოკუპანტების მიერ აფხაზურ და ოსურ ციხეებში უკანონოდ გამოკეტილ საქართველოს მოქალაქეებს ვითვლით და კვლავინდებურად ვაკვირდებით რუსების მცოცავ ოკუპაციას, პარალელურად კი - საქართველოში უკონტროლოდ შემომავალი რუსეთის მოქალაქეების ისედაც მზარდ რაოდენობას, რომელიც პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან ერთად, მაღალი ალბათობით, კიდევ უფრო გაიზრდება ...

რაა, თუ არა ცინიზმი ამ ყველაფრის ფონზე პუტინის მხრიდან - „საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვაზე“ საუბარი, პუტინის გადაწყვეტილებების მიმღები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კი „ღირსებაზე“ აპელირება?! მაგრამ გადაწყვეტილებები მიღებულია, ოფიციალურადაა გაცხადებული თბილისის თანხმობაც. რუსი აგრესორი კი, როგორც ისტორიამ დაადასტურა, რაც მეტი გასდის, მით მეტს ითხოვს და საკითხავია, დასჯერდება კი პუტინი მხოლოდ ავიამიმოსვლას? სავარაუდოდ - არა: ყოველ შემთხვევაში, მოსკოვიდან უკვე გაისმა განცხადებები აფხაზური რკინიგზის ამოქმედების „აუცილებლობაზეც“.

„ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!“ - განაცხადა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა სერგეი კატირინმა. მისივე თქმით, რუსეთი აფხაზეთის რკინიგზას „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში განიხილავს და თვლის, რომ მარშრუტმა უნდა მოიცვას ჩინეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველო, აფხაზეთის გავლით კი ტვირთებმა რუსეთში უნდა შეაღწიოს. "ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, შესაძლებლობას მოგვცემს, გრძელვადიანი კონტრაქტები გაფორმდეს გაზისა და ნავთობის სტაბილური, პროგნოზირებადი ფასებით მიწოდებაზე, ასევე განტვირთავს ზემო ლარსს, ტვირთების მოცულობას გაზრდის, ფასს კი შეამცირებს. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომეიც თურქეთის გავლით რუსული ტვირთების ტრანზიტის კუთხით შეიქმნა, მსგავსი სქემის ორგანიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - ირწმუნება კატირინი.

ამასთან, თუ მის სიტყვას ვირწმუნებთ, „საქართველოდან უკვე არსებობს კონკრეტული შეთავაზებები და მიმდინარეობს მსჯელობა ბიზნეს-თანამშრომლობის გასაფართოებლად“.

ქართული ოპოზიციის შეფასებით, საქმე გვაქვს ოკუპანტი ქვეყნის დანაშაულებრივი რეჟიმისა და საქართველოს არაფორმალური მმართველის - ბიძინა ივანიშვილის ერთობლივ სპეცოპერაციასთან, რომლის საბოლოო მიზანს საქართველოს სრული რუსიფიკაცია წარმოადგენს. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცება, რომ "რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი აქტუალური არ არის", არავის ამშვიდებს „რუსეთის არგაღიზიანების“ იმ პოლიტიკის პირობებში, რომელიც უკრაინის ომის ფონზე არგაღიზიანების საზღვრებს გასცდა და დათმობების, დასავლეთისთვის ზურგის ქცევისა და რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების პოლიტიკად გარდაიქმნა.

იმაზე, თუ რას ფიქრობენ ზემოთთქმულის შესახებ საექსპერტო წრეებში, უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტ გიორგი გობრონიძეს ვესაუბრეთ.

მისი თქმით, რკინიგზის ამოქმედებისადმი მოსკოვის ინტერესი გასაგებია, - იგი რუსეთს არა მარტო სომხეთთან დააკავშირებდა, არამედ ირანთანაც და შესაბამისად, რუსული მხარისთვის ყოველთვის იყო საინტერესო. რაც შეეხება საქართველოს, გობრონიძე იხსენებს, რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენაზე ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროიდან მოყოლებული, სულ იყო საუბარი, თუმცა ეს არ მომხდარა და არც სადღეისოდაა მიზანშეწონილი. საამისოდ მას შემდეგი არგუმენტები მოჰყავს:

  • "რა აუცილებლობა გვაქვს ამის? - ტვირთბრუნვა იმხელაა, რომ ლარსის გამშვები პუნქტი და ჩვენი პორტები ვეღარ აუდიან?! პირველად ისტორიაში, ჩვენი რკინიგზა მოგებაზე გავიდა. მოდით, ჯერ რა ინფრასტრუქტურაც გვაქვს და რაც გამტარუნარიანია, იმის მოდერნიზებაზე ვიზრუნოთ. ახალი ხაზების დამატება არაფერში გვჭირდება;
  • რა სტრატეგიული ინტერესი გვაქვს, მაგალითად, ირანსა და რუსეთს შორის ჩვენი გავლით იყოს კავშირი? - ეს არაფერში გვჭირდება!
  • ეს უკვე იმ ტიპის პარტნიორობაა, რომელიც საჭიროებს განსხვავებულ ურთიერთობებს ქვენებს შორის. თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობა პოზიტიურობისკენ შეიცვლება იმდენად, რომ გვიღირდეს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი. მაგრამ ამისთვის, სულ მცირე, საოკუპაციო რეჟიმი უნდა შეიცვალოს – ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია უნდა განხორციელდეს. სადღეისოდ რა სურათი გვაქვს? - რუსეთს თან ჩვენი რეგიონები აქვს დაპყრობილი და სამი ეთნოწმენდა განახორციელა ისე, რომ ჯერ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, შეთავსებით ჩვენს მოქალაქეებს აპატიმრებს, სავიზო რეჟიმს გვიწესებს, მერე სურვილისამებრ გვიხსნის, ფრენებს კრძალავს, მერე სურვილისამებრ აკრძალვას გვიხსნის და ა.შ., - ასე დიპლომატიაში, საერთაშორისო ურთიერთობებში არ ხდება! კონკრეტულად უნდა გადაიდგას ნაბიჯები და იყოს საგზაო რუქა, რისთვისაც, პირდაპირ ვიტყვი, რუსეთი დღეს მზად არ არის. დეოკუპაციას აქვს წინაპირობები, რომელიც სადღეისოდ სახეზე არაა“.

„მოდით, ნურც თავს მოვიტყუებთ და ნურც სხვებს. ოდესმე ისტორიაში შეიძლება, ყველაფერზე ვილაპარაკოთ, მაგრამ დღეს აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედება არაფერში გვჭირდება“ - ასკვნის უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი.

გობრონიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთის მიერ 10 მაისს საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა დროს დაწესებული ორი სანქციის (პირდაპირი ფრენების აკრძალვა და სავიზო რეჟიმი) გაუქმება არავითარი „დათმობა“ არ ყოფილა და კრემლმა ეს გადაწყვეტილება კონკრეტული მიზნით - როგორც საშინაო, ისე საგარეო ფლანგზე იმ ილუზიის შესაქმნელად მიიღო, თითქოს საერთაშორისო იზოლაციის პირობებში მყოფს შეუძლია, პოზიტიური ნაბიჯები გადადგას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც ტრადიციულად, კარგი ურთიერთობა არ ჰქონია:

„ის, რომ მოსკოვის გადაწყვეტილებები არამც და არ უნდა განვიხილოთ ქართულ–რუსული ურთიერთობების დათბობის კონტექსტში, იმითაც დასტურდება, რომ ამ გადაწყვეტილებების გაჟღერების დღესვე დააკავეს ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ზოლთან“,– ამბობს გობრონიძე და იმედს იტოვებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის რეალური ზრახვები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ესმით, მიუხედავად მათი პოზიციონირებისა.

იმის მიზეზები, თუ რატომაა ოკუპირებულ აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო დერეფნის გახსნა საქართველოსთვის არამიზანშეწონილი ეკონომიკური თვალსაზრისითაც, „აქცენტთან“ საუბარში HUB Georgia-ს ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა განმარტა.

მისი თქმით, ხსენებული დერეფანი პირველ რიგში, სჭირდება ოკუპირებულ აფხაზეთს, რათა გაუჩნდეს საკუთარი შემოსავალი და არ იყოს სრულად დამოკიდებული რუსულ დოტაციაზე, შემდეგ კი – რუსეთს:

„სომხეთის რკინიგზა რუსეთის საკუთრებაა, აფხაზეთზეც მას აქვს ზეგავლენა. ამდენად, თუ რუსეთმა ეს მიმართულება ააწყო, ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფნის ამოქმედების დიდი პერსპექტივა აქვს, რომ ინდოეთიდან და ირანიდან ტვირთი აქეთკენ მომართოს, სომხეთის და ჩვენი გავლით გადაზიდოს. ეს რუსეთისთვის ტვირთნაკადის დივერსიფიკაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ალტერნატივაა, მით უფრო - ამჟამინდელ მდგომარეობაში, როცა პარალელური ექსპორტისა და ჩრდილოვანი გადაზიდვების განხორციელება უწევს. სომხეთსაც სჭირდება ეს დერეფანი, რათა ალტერნატივა შეიქმნას და არ იყოს გაწამებული ლარსზე მუდმივი ბმით".

რაც შეეხება საქართველოს, ცაგარეიშვილის აზრით, პოლიტიკური ასპექტი რომ სრულად რომ ჩავხსნათ და მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით მივუდგეთ საკითხს, ეს დერეფანი ჩვენთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მომგებიანი, თუ რუსეთიდან ცენტრალურ აზიაში და უკან საქართველოს გავლით დიდი მოცულობის ტვირთები იმოძრავებს, მაგრამ ამის არავითარი წინაპირობა სადღეისოდ არ ჩანს:

"ცენტრალური აზიის ქვეყნებს, მათ შორის ყაზახეთს საკუთარი დერეფნები უკვე აწყობილი აქვთ, ბალტიისპირეთში საკუთარი ტერმინალები ააშენეს, გადაზიდვებს რუსეთის გავლით ახორციელებენ. ყაზახებს 10 წელზე მეტია, ნაყიდი აქვთ ბათუმის პორტი და მხოლოდ ნავთობის ტერმინალი მოაწყვეს, მეტი არაფერი დაუმატებიათ. ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რომ გადმოისროლონ ტვირთები, ბალტიისპირეთში აშენებულ ტერმინალებს, უზარმაზარი ინვესტიცია რომ ჩადეს, ხომ არ მიატოვებენ?!".

თუ აზიიდან დერეფანს 4–5 მილიონი ტონა ტვირთი დაემატება, მის გახსნას მნიშვნელობა ექნება, მაგრამ მსგავსი პერსპექტივა არ ჩანს, სხვა შემთხვევაში კი აფხაზური რკინიგზის გახსნა საქართველოსთვის ეკონომიკურად მომგებიანი ნამდვილად არაა, - ასკვნის ექსპერტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები