Accentnews.ge
ჯანეზაშვილი – "ოცნების" წინადადებაზე: "საჭიროა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გავითვალისწინოთ და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად"

ჯანეზაშვილი – "ოცნების" წინადადებაზე: "საჭიროა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გავითვალისწინოთ და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად"

16/05/2023 08:35:25 პოლიტიკა

„სასამართლო გუშაგის“ ხელმძღვანელის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ცვლილებები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას არ გულისხმობს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოსთვის საჭიროა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გავითვალისწინოთ და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად, "როგორც ამას ახლა აკეთებენ".

მისი თქმით, სასამართლო რეფორმის პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს და უმრავლესობამ სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის საშუალება უნდა მისცეს:

„სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით, რეკომენდაციები ორ ძირითად საკითხს ეხება. ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასა და სასამართლო დამოუკიდებლობას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ის, რაც ამჟამად საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის სახით იქმნება, ვენეციის კომისიის დასკვნებს გარკვეულწილად ითვალისწინებს, თუმცა ეს არ არის ისეთი სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც შეძლებს საქართველოს სასამართლოში არსებული გამოწვევები დააკმაყოფილოს. სასამართლო რეფორმის პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება” სამოქალაქო საზოგადოებას კარს უკეტავს. ჩვენ არ მოგვცეს საშუალება პროცესში მონაწილეობა მიგვეღო და როგორც ვიცი, სამუშაო შეხვედრა დღესაც იმართება. ინკლუზიური პროცესების შედეგად უნდა გადაწყდეს, როგორი უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო როგორც მოწყობის, ისე წევრების თვალსაზრისით. ვთვლით, რომ აუცილებელია, არამოსამართლე წევრების რაოდენობა გაიზარდოს. ვენეციის კომისიის დასკვნაში, ასევე, საუბარია კორპორატივიზმზეც. „ქართული ოცნების” წარმოდგენილი ცვლილებები არც კორპორატივიზმის შემცირებას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოსამართლეებს ინდივიდუალური დამოუკიდებლობა ჰქონდეთ და, რა თქმა უნდა, სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, დამოუკიდებელი იყოს. ამისთვის საჭიროა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გავითვალისწინოთ და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად, როგორც ამას ახლა აკეთებენ”.

ცნობისთვის: საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინოს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S