8 არასამთავრობო ორგანიზაცია: ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული
16/05/2023 10:00:07 პოლიტიკა
ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული, – ამის შესახებ ნათქვამია 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
არასამთავრობოების ცნობით, დოკუმენტში, რომლის სახელწოდებაა სტატუსმეტრი, საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯებია ასახული.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, ხსენებული პერიოდისთვის შესრულებული არ არის ევროკავშირის ხუთი პრიორიტეტი, დიდწილად შეუსრულებელია ორი, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი და შესრულებულია მხოლოდ ერთი.
სტატუსმეტრის თანახმად,
- "შესასრულებელია: დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია გარემო, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
- ნაწილობრივ შესრულდა: საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გაძლიერება, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი;
- მეტწილად შესრულდა: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა;
- შესრულებულია: ECHR-ის გადაწყვეტილებების პრაქტიკული გათვალისწინება".
"დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს. დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: "ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", "სასამართლოს გუშაგი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "საფარი". საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია", - ნათქვამია 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წლის შემოდგომაზე ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მდგომარეობას შეაფასებს.


