გიორგი ვაშაძე: „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის ისკო დასენის ოჯახია დაკავშირებული"
16/05/2023 13:33:06 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის ისკო დასენის ოჯახია დაკავშირებული". ამის შესახებ მან დრეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
„6 მაისს, აღმაშენებლის N75-ში სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს უსიტყვოდ, არაფერი განუცხადებიათ, მაგრამ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ სცადა ჩემი და უკრაინელი პოლიტიკოსის დავით არახამიას „გაშავება“ და თითქოსდა რაღაც „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირება. ეს იყო პირდაპირ სუს-ის მიერ დაგეგმილი ოპერატიული ლეგენდა, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ეს პროპაგანდისტული მედიასაშუალებები აწარმოებდნენ. მე მაშინ საზოგადოების წინაშე დავდე პირობა, რომ ამ საქმეს ასე არ დავტოვებდი და ყველა დეტალს მივყვებოდი ბოლომდე. მე ახლა ხელთ მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ არის დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ თუნდაც ეს კონკრეტული შემთხვევა და თავიდან ბოლომდე „ქოლცენტრების“ სქემა, რომელიც არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, არამედ ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებსაც და ამის არაერთი ფაქტია. 13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7“, რომელიც იმ დღესვე ქირაობს ფართს აღმაშენებლის 75-ში, სადაც სხვა სართულზე ჩემი ძმა ფლობს 10 ნომრიან სასტუმროს და კითხვა ჩნდება ვინ არის მიხეილ არახამია, რომელიც აორთქლდა და გაქრა საერთოდ საქართველოდან. მიხეილ არახამიას ცოლი, ქეთევან თედორაძე გახლავთ მალხაზ ამოიანის კომპანიის, შ.პ.ს „რუმსის“ დირექტორი , თავის მხრივ, მალხაზ ამოიანი დასენების კლანთან ერთად, „ჩაჩი“ დასენთან ერთად ფლობს „ბლექ სი როქს“ ასეთ კომპანიას, „ქოლ-ცენტრს“, რომელიც ძარცვავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, პირველ რიგში, ევროპელ პენსიონერებს. ვინ არის ჩაჩი დასენი? ჩაჩი დასენი გახლავთ კომპანია „ვიპ ტრეიდის“ დირექტორი, რომლის მეწილეები 2020 წლამდე იყვნენ ტიტალ დასენი და კნიალ დასენი, ასევე არტურ არაბიანი, ეს ადამიანები გახლავთ ისკო დასენის ოჯახის წევრები, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის. ჩაჩი დასენი აქაურმა პროკურატურამაც კი მისცა პასუხისგებაში ფულის გათეთრების გამო, ვეღარ დაიმალა იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ადამიანს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისკო დასენი და დასენების ოჯახი უარყოფს კავშირს, თითქოსდა 2020 წლიდან კავშირი არ აქვს ჩაჩი დასენთან, არადა მათი სხვა კომპანიის, შ.პ.ს „მისო ლიდერის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბატონი გიორგი გოგუაძე, ამ წლის 24 აპრილის ჩათვლით გახლდათ „ვიპ ტრეიდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ანუ აი, ამ დასენების კლანის მიერ შექმნილი თაღლითური სქემის, მთავარი, დედაკომპანიის წევრი“, - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის ბრალდებებს ისკო დასენი უარყოფს. მან ვაშაძეს პლენარულ სხდომაზევე უპასუხა. როგორც ისკო დასენი აცხადებს, ვაშაძის მიერ დასახელებულ პირებს არ იცნობს. მისი თქმით, ვაშაძე ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
5 მაისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში სავარაუდოდ, ე.წ. ქოლ–ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. როგორც გაირკვა, აღნიშნულ შენობაში 25%-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. მისი თქმით, მას მხოლოდ შენობის მეორე სართული ეკუთვნის, სადაც სასტუმრო აქვს გახსნილი, დანარჩენი ფართის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს.


