"დიპლომატიური "ბიპოლარული აშლილობა" მტერთან": რატომ ვიმეორებთ შეცდომებს

16-05-2023 17:40:56 ეკონომიკა ,ანალიზი

რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება კლების ტენდენციას აჩვენებს, თუმცა კვლავ რეკორდულად მაღალ ნიშნულზე (43%–ზე) ნარჩუნდება და მიანიშნებს, რომ ამ სეგმენტშიც რუსეთზე დამოკიდებულება მზარდია: აპრილში ჯამში $369 მილიონი შემოვიდა საქართველოში, აქედან $159 მილიონი რუსეთზე მოდის მაშინ, როდესაც მარტში $223 მილიონის გზავნილი დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის: ყველაზე მეტი – $300 მილიონის ფარგლებში გზავნილები რუსეთიდან გასული წლის მაისში და ოქტომბერ–ნოემბერ–დეკემბერში დაფიქსირდა. ხოლო იანვრიდან კლება შეინიშნება.

ეკონომისტების ნაწილი ამ ტენდენციას რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორის, საბაზრო ეფექტით; მიგრანტების საქართველოში დასაქმებითა და მათ მიერ ბიზნესის წამოწყებით. ამ არგუმენტს „თიბისი კაპიტალის“ კვლევაც ამყარებს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მიგრანტების 35% საქართველოში ხანგრძლივი დროით – ორ წელზე მეტი ხნით გეგმავს დარჩენას; 33%–ს ჯერ არ გადაუწყვეტია; 9% – ექვს თვემდე, ასევე 9% ფიქრობს, რომ საქართველოში ექვსიდან 12 თვემდე ვადით დარჩება.

ეკონომისტების ნაწილი ასევე მიუთითებს, რომ პირველ ეტაპზე განხორციელებულ გზავნილებში დიდი წილი იყო ქართველებისა, რომელთაც საკუთარი დანაზოგები გადმორიცხეს. შესაბამისად, ეს ეფექტი ამოწურულია.

„შეიძლება, ითქვას, რომ რუსი ემიგრანტები დაფუძნდნენ საქართველოში, დაიწყეს მუშაობა, საკუთარი ბიზნესი და აქ მიღებულ შემოსავლებზეც არიან დამოკიდებული. ამასთან, ვიცით, რომ უფრო გამკაცრდა კონტროლი საბანკო სექტორში, თუნდაც გადმორიცხვებზე – უამრავი ანგარიში დაუხურეს ბანკებმა რუსეთის მოქალაქეებს და შესაძლოა, მათ სხვა გზებით შემოიტანონ თანხა. ეს შესაძლოა, იყოს ნაღდი ფულის სახით, კრიპტოვალუტების გამოყენებით. ეს გარემოებები რომ შევაჯამოთ, არ არის უცნაური, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ სტატისტიკაში ჩანდეს გზავნილების შემცირების ტენდენცია“,– ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.

„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაიაც ამბობს, რომ რუსეთის საქართველოში მყოფი მოქალაქეების 20–25%–ია რუსეთიდან გზავნილებზე დამოკიდებული; 42% იღებს შემოსავალს სხვა ქვეყნებიდან (ეს ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროა), ხოლო 20–25% შემოსავალს უკვე საქართველოდან იღებს.

ეკონომისტები რისკებზეც მიუთითებენ.

„მოცემულობა ცხადია, რისკების შემცველია, რადგან როგორც იზრდება, ისე შეიძლება, შეჩერდეს სხვადასხვა მიზეზების გამო: გვინახავს არაერთი ნაბიჯი, გადადგმული რუსეთის მხრიდან, როდესაც ის აწესებს სხვადასხვა ტიპის ემბარგოს“,– იხსენებს ეკონომისტი გიორგი კეპულაძე.

რუსული ბაზრის არასაიმედოობაზე საკუთარ გამოცდილებაზე მითითებით ამახვილებს ყურადღებას „აირ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუაც:

„ორი წელია, ვმუშაობ თბილისი –ნიუ–იორკის რეისზე. დიდი შრომა გავწიეთ და კიდევ ბევრია გასაწევი. არანაირად არ ვაპირებთ პოლიტიკის შეცვლას. ჩვენი მიზანია, რეისები განხორციელდეს ევროპაში და აშშ–ში. ამდენად, ეს ავანტიურა – რუსეთთან გახსნილი ბაზარი, რომელიც როდის დაიკეტება, არავინ იცის, ინტერესს არ მგვრის. როგორც ბიზნესი, არაა საინტერესო, რადგან დროებითი მოვლენაა: 2006–ში მოხდა ემბარგო და დიდი ზიანი მიადგა ჩვენს ავიაკომპანიას; 2008–ში მოხდა ემბარგო, მოგვადგა მეორე დიდი ზიანი და არ ვაპირებ შეცდომების გამეორებას. ისტორიას თუ გადავხედავთ, რუსული ბაზარი არასტაბილურია, პოლიტიზებული და არა ეკონომიკურ ფუნდამენტზე აშენებული. მაგალითად, ჩვენ 1 მილიონი დოლარი გადავიხადეთ, როდესაც მოგვთხოვეს [რუსეთმა – რედ.] სხვა ქართული ავიაკომპანიების ძველი ვალების გასტუმრება, რათა წვდომა მოეცათ რუსულ ბაზარზე. ფრენები დავიწყეთ 22 მაისს და სამ თვეში გაგვიჩერდა. ის ფული არავის დაუბრუნებია“.

უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე „აქცენტთან“ ამბობს, რომ ბოლო 15 წელია, ოფიციალურ თბილისს რუსეთთან მიმართებით არათანმიმდევრული დამოკიდებულება აქვს და იგივე პოლიტიკა გრძელდება ამჟამადაც.

„რა გავაკეთეთ ბოლო 15 წლის მანძილზე იმისთვის, რომ გვქონოდა ეკონომიკური დივერსიფიკაცია?“,– სვამს მკვლევარი მტკივნეულ კითხვას და თავადვე პასუხობს:

„სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა განვითარდა ისე, რომ ტურიზმი იქცა ერთ–ერთ მნიშვნელოვან დარგად, სადაც თუ საშუალო ფენა არსებობს საქართველოში, მისი ძირითადი ნაწილი ტურისტულ ბიზნესსა მიბმული, ხოლო ტურისტული სექტორი მთლიანად ჩამოვკიდეთ რუსულ ბაზარს [სავიზო რეჟიმის ცალმხრივი გაუქმებით – რედ.], შესაბამისად, რუსეთი ჩვენი მოქალაქეების ძირითადი შემოსავლის საკმაოდ მნიშვნელოვან წყაროდ ვაქციეთ ურბანულ ზონებში. და ეს მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლების შეცდომა არაა: რუსეთის ფედერაციამ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის პირობებში შეიძინა არაერთი ენერგოობიექტი საქართველოში და ესეც მნიშვნელოვანია. იქნება წყალმომარაგება, ტრანსპორტის სფერო, მობილური კავშირგაბმულობა, ფინანსური სექტორი...მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთთან გვქონდა და გვაქვს ერთგვარი დიპლომატიური ბიპოლარული აშლილობა: რომ შევხედოთ ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას, ამის მიღმა უარესი აღარაფერია – ამის მიღმა იწყება ომი და იმავდროულად ეკონომიკური ინტერაქცია გვაქვს ისეთი, როგორიც არ აქვს ერთმანეთთან ძალიან ბევრ სტრატეგიულ პარტნიორს. სწორედ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი ჩვენთვის: ჩვენ რუსეთთან მიმართებით არასდროს არ ვიყავით თანმიმდევრულები და ვიყავით დამოკიდებული მის რეაქციებზე“.

მკვლევარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რას წარმოადგენს რუსეთი საქართველოსთვის და გავიაზროთ თანმდევი რისკები: „ამ ქვეყანას ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი! არის მტრულად განწყობილი სახელმწიფო! ჩვენ თურქეთზეც დამოკიდებული ვართ ეკონომიკურად, მაგრამ მასთან არ გვაქვს ტერიტორიული დავები და ეს ეკონომიკური დამოკიდებულება არ არის მტკივნეული. ზოგადად, მარტივად რომ შევხედოთ, ყველა ქვეყანაა ერთმანეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული – მაგალითად, აშშ–ჩინეთზე, მაგრამ ეს არ ქმნის პრობლემას ამერიკის ცხოვრებაში, რადგან ჩინეთს ამერიკის არაფერი არ აქვს დაპყრობილი!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები