ალეკო ელისაშვილი: ღირსეული მთავრობა რუსეთს ფრენებზე ეტყოდა მადლობა, მაგრამ დაგვიანებულიაო
16/05/2023 18:15:15 პოლიტიკა
"ეს არის კუდის ქიცინი რუსებისთვის", - ასე აფასებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე თბილისის რეაგირებას.
მისი თქმით, ღირსეული მთავრობა ფრენების აღდგენაზე უარს იტყოდა.
„როგორც ჩანს რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ძალიან რეალური გახდა კანდიდატის სტატუსის მოცემა და სავარაუდოდ, ამ პროცესის შეფერხება უნდა. ღირსეული ქვეყნის ღირსეული მთავრობა უარს იტყოდა ფრენებზე. იტყოდა, რომ ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან დაგვიანებულიაო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რუსეთი კეთროვანი ქვეყანაა და არ შეიძლება მათთან „ვალსების და ტანგოების ცეკვა“:
„რუსეთი კეთროვანი ქვეყანაა, რომელიც იძირება, „ფარჩაკდება", რომელიც აუცილებლად დაიშლება. ესაა გარდაუვალი ამბავი. ამას ძალიან მალე მოვესწრებით, ისე იფშვნება შიგნიდან. პირველი, ვინც ზურგში დანას ჩაარტყამს რუსეთის ერთიანობას, იქნება რამზან კადიროვი, ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. პირველი, ვინც იტყვის, რომ სინამდვილეში იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი მთელი ცხოვრებაო, იქნება კადიროვი, ისეთი ოღრაშია, ენა მოუტრიალდება მშვენივრად ამის სათქმელად".


