Accentnews.ge
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ  რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლებას ყურადღებით დააკვირდება

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლებას ყურადღებით დააკვირდება

17/05/2023 05:53:23 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ აშშ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლებას ყურადღებით დააკვირდება.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენლ ვედანტ პატელს ჰკითხეს, "უქმნის თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება საფრთხეს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს". პატელმა კვლავ გაიმეორა, რომ "პირდაპირი ფრენების აღდგენა მზარდი შეშფოთების საგანია არა მხოლოდ შეერთებული შტატების და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის, არამედ კომპანიებისთვისაც იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს აეროპორტებში მოემსახურებიან სანქციების ქვეშ მყოფ თვითმფრინავებს".

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მან კვლავ აღნიშნა, რომ "მაშინ, როცა მთელი დასავლური სამყარო რუსეთისგან დისტანცირებულია, მასთან ურთიერთობების გაღრმავების დრო არ არის"

კითხვაზე, "ავიამომოსვლა უკვე 19 მაისიდან განახლდება და მოსალოდნელია თუ არა სანქციები?", ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ შეშფოთება მკაფიოდ გამოხატეს და მკაფიოდ განაცხადეს ისიც, რომ რუსულ თვითმფრინავებს აკრძალული აქვთ აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში შესვლა. ამიტომ, პატელის თქმით, სიტუაციას ყურადღებით დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადადგამენ.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჰკითხეს, აქვს თუ არა რაიმე გზავნილი საქართველოში აქციების მონაწილეებისადმი, რომლებიც რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლას აპროტესტებენ. აღნიშნულის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ "უკვე ნათქვამს ვერაფერს დაამატებს".

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს გასცა. ხოლო უწყებამ მსგავსი ნებართვა 16 მაისს ქართულ კომპანია Georgian Airways–ზე გასცა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S