ქალი დეპუტატები "ოცნებას" მოუწოდებენ, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე
17/05/2023 07:45:17 პოლიტიკა
პარლამენტის ქალი დეპუტატები მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას", გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
როგორც "ლელო - საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, "პირდაპირი ფრენების აღდგენა ორმხრივი გადაწყვეტილებაა და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს". მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს უსაფრთხოება და ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დგება.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. მართალია, უვიზო რეჟიმის შემოღება ცალმხრივი გადაწყვეტილებაა რუსეთის მხრიდან, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა ორმხრივი გადაწყვეტილებაა და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს. შეუძლებელია, ერთის მხრივ ქვეყანა მიისწრაფოდეს ევროპისკენ, რისი ოფიციალური განაცხადიც გაკეთებული აქვს და მეორეს მხრივ დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე. ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სხვა შემთხვევაში, მუშაობა და პროცესის ილუზიის შექმნა, რომ თითქოს 12 პუნქტი სტატუსის მისაღებად სრულდება, იქნება ფარსი და ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უდიდესი დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხოებას და ევროინტეგრაციას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამავე თემაზე დეპუტატმა თეონა აქუბარდიამაც ისაუბრა.
"36 ქვეყანას აქვს აკრძალული რუსეთთან პირდაპირი ფრენა, საქართველოს მთავრობა იღებს კრემლისგან "საჩუქარს" და ამით აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს და საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად, აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და გუშინდელი განცხადებები ოცნების ლიდერის სხვა არაფერი არაა, თუ არა მცდელობა, დამატებით იზოლაციაში მოახდინოს საქართველო დასავლეთისგან და ამით გააძლიეროს რუსული გავლენები, ამიტომ ჩვენ, ქალი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვგმობთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ეს არის საფრთხის შემქმნელი არა მხოლოდ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, არამედ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის", - განაცხადა აქუბარდიამ.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ხოლო ქართულ კომპანია Georgian Airways–ზე 16 მაისს გასცა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.


