სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო: რუსეთში შესასვლელად საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებთან დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებს ვიზა აღარ მოეთხოვებათ
17/05/2023 09:44:35 პოლიტიკა
2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში შესვლა გარკვეული ვადით, არაუმეტეს 90 დღისა ვიზის გარეშე, – ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ვიზა აღარ დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებსაც.
„ამდენად, ვიზა აღარ დასჭირდებათ საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებთან დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებსაც“, – აცხადებენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ხოლო ქართულ კომპანია Georgian Airways–ზე 16 მაისს გასცა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.


