რუსულ ავიაკომპანიებს მიწისზედა მომსახურებას ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია გაუწევს
17/05/2023 09:50:15 პოლიტიკა
რუსულ ავიაკომპანიებს მიწისზედა მომსახურებას პრორუსი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია Aero Handling Georgia გაუწევს.
იმის შესახებ, რომ "Azimuth Airlines"-ის შემთხვევაში მიწისზედა მომსახურებას "Aero Handling Georgia" განახორციელებდა, "TAV Georgia"-ს განცხადებიდან ირკვევა:
„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia განმარტავს, რომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვის გაცემა ავიაკომპანიებზე მის კომპეტენციას არ განეკუთვნება. აღნიშნულ ნებართვებს გასცემს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.TAV Georgia ავიაკომპანიებს აწვდის სხვადასხვა სერვისს, მათ შორისაა მიწისზედა მომსახურება (ე.წ Ground Handling). მედიასაშუალებების ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ Azimuth Airlines-ის შემთხვევაში მიწისზედა მომსახურებას განახორციელებს კომპანია Aero Handling Georgia“.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს. "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" 2023 წლის 21 აპრილს დაფუძნდა. კომპანიის დირექტორი დავითი კვარაცხელია არის, რომელიც იმავდროულად კომპანიის 60%-ს ფლობს. კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი კი დავით წივწივაძეა.
რეგისტრაციის მისამართით 1993 წელს დაბადებული დავით კვარაცხელია, იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ვალერი კვარაცხელია. რაც შეეხება მეორე მეწილე დავით წივწივაძეს, იგი ბინაში „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტ თამაზ გაიაშვილთან ერთად არის რეგისტრირებული.


