Accentnews.ge
წითლიძემ დაასახელა ოპოზიციონერის გვარი, რომელმაც სავარაუდოდ, ხმა მისცა "ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატებს

წითლიძემ დაასახელა ოპოზიციონერის გვარი, რომელმაც სავარაუდოდ, ხმა მისცა "ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატებს

17/05/2023 11:15:16 პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი წითლიძე აცხადებს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს, ნიკა მაჭუტაძე იყო.

ამასთან, წითლიძე არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის მათი ფრაქციიდან მხარი კიდევ სხვა დეპუტატებსაც დაეჭირა.

“არ გამოვრიცხავ ჩვენი ფრაქციიდან იყვნენ ეს ადამიანები, რადგან ერთი, ვინც თქვა, რომ ხმა მისცა, იყო ნიკა მაჭუტაძე”, – განაცხადა ანი წითლიძემ.

წითლიძე, მიუხედავად იმისა, რომ ფარული კენჭისყრა იყო, აპირებს, გაარკვიოს ვინ არიან ეს ადამიანები.

“ამ ადამიანებმა დღეს ხელი შეუწყვეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 წევრი არჩეულია კლანის წევრებად. რეალურად, ამ გადაწყვეტილებით “ქართული ოცნების” საქმე გააკეთეს. ამიტომ ცხადია, რომ როდესაც ეს ადამიანები ოპოზიციას წარმოადგენენ და ეს არის დაახლოებით 5 ადამიანის ხმა, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა, ამომრჩეველსაც და ჩვენც გვჭირდება პასუხი. ოპოზიცია შეთანხმებული ვიყავით, რომ არ მივცემდით “ქართული ოცნების” წარმოდგენილ კანდიდატებს ხმა”, – განაცხადა ანი წითლიძემ.

მაჭუტაძეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე დღეს, 17 მაისს, 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატია, „ევროპელი სოციალისტები“ კი პარლამენტში 4 დეპუტატით არიან წარმოდგენილი. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა სჭირდებოდათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S