სკანდალური კენჭისყრა: რამ განაპირობა სადავო გადაწყვეტილება
17/05/2023 16:06:53 პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატის არამოსამართლე წევრებად დანიშვნა ოპოზიციური ფრაქციიდან ოთხი დეპუტატის გასვლით დასრულდა. კერძოდ, მწვავე კრიტიკის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნიკა მაჭუტაძე, როსტომ და ნატო ჩხეიძეები ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ტოვებენ.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე დღეს, 17 მაისს 3 წევრი დაამტკიცა. ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა (საჭირო იყო 90 ხმა) დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს (საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატია, კიდევ ოთხი მანდატი აქვთ „ქართული ოცნებისადმი ლოიალურ „ევროპელ სოციალისტებს). მოგვიანებით თავად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრაში მათი ხუთი კოლეგა მონაწილეობდა: ნიკა მაჭუტაძეზე, ნატო ჩხეიძეზე, როსტომ ჩხეიძეზე, დილარ ხაბულიანი და ბაჩუკი ქარდავა. კოლეგებმა მათ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში დასდეს ბრალი.
იხილეთ ასევე: რა ვიცით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრებზე
ინფორმაციისთვის: არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საბჭოზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ე.წ. კლანს სასამართლო სისტემაში, რომლის ლიდერებსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაადო. შესაბამისად, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ არამოსამართლე წევრების კვოტით საბჭოში შევიდნენ დამოუკიდებელი წევრები და არა “ქართულ ოცნებასა” და ე.წ. კლანთან დაკავშირებული ან მათდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანები. უშუალოდ საბჭოში, რომელიც წესით, 15 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, მხოლოდ 10 წევრი იყო, მათგან 9 – მოსამართლე. ხუთი არამოსამართლე წევრის პოზიცია გახლდათ ვაკანტური. როგორც მოსამართლე და არამოსამართლე წევრების რაოდენობრივი განაწილებიდანაც ჩანს, საბჭოში მოსამართლე წევრები უმრავლესობაში იქნებიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხუთივე ვაკანტური პოზიციის შევსება მოხდება. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთია სასამართლოს რეფორმირება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური თანამდებობების შევსება. შესაბამისად, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ დღევანდელი კენჭისყრის მიზანი იყო არაიმდენად ე.წ. კლანის გავლენის დაკანონება საბჭოში, რადგან ეს უკვე მომხდარია, არამედ ის რომ „ქართულ ოცნებას” სურდა შეექმნა პოლიტიკური კონსენსუსის ილუზია.
დილარ ხაბულიანს დღევანდელ მოვლენებზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დანარჩენი დეპუტატები კოორდინაციის კუთხით პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, ხოლო მმართველ გუნდთან რაიმე სახის კომუნიკაციას და გარიგებას კატეგორიულად უარყოფენ.
მაგალითად, დეპუტატმა ქარდავამ საზოგადოებას ურჩია, რომ „ყველაფერი გაუგებრობას მივაწეროთ”. მან დაადასტურა, რომ რამდენიმე კანდიდატს მხარი ნამდვილად დაუჭირა და სხვებისთვისაც აპირებდა ხმის მიცემას, თუმცა ოპოზიციის პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადა და კენჭისყრის დროს პარლამენტის დარბაზი დატოვა.
ქარდავას არ დაუზუსტებია, რომელ კანდიდატებს მისცა ხმა, თუმცა უარყო, რომ მხარი დაუჭირა “კობახიძის კანდიდატებს”.
მისივე თქმით, ზოგიერთმა კოლეგა ოპოზიციონერმა “შეფასებებში იჩქარა”. თქვა, რომ არ უსაუბრია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან და არ აპირებს მათთან თანამშრომლობას.
მისი თქმით, არ არსებობდა რაიმე საერთო ოპოზიციური შეთანხმება, რომელიმე კანდიდატისთვის ხმის მიცემის ან არ მიცემის თაობაზე, შესაბამისად მან მომხდარს, “გაუგებრობა” უწოდა და ოპოზიციონერებს შორის მეტი კოორდინაციის სურვილი გამოთქვა.
დღის ბოლოს მომხდარის შესახებ საკუთარი და კიდევ ორი დეპუტატის – ნატო და როსტომ ჩხეიძეების – სახელით ისაუბრა ნიკა მაჭუტაძემ. თქვა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაცია არ ჰქონიათ და არანაირ გარიგებას არ აქვს ადგილი, რომ არაფერი აკავშირებთ „იმ კლანთან, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მტკიცედ არის ჩამჯდარი და იქ ისედაც აქვთ უმრავლესობა“.
მან პირად პოლიტიკურ შეცდომად ცნო დღეს განვითარებული მოვლენები და აღნიშნული ოპოზიციურ ფლანგზე კომუნიკაციის ნაკლებობას დაუკავშირა. კერძოდ, მისი თქმით, ოპოზიციონერებსა და ხელისუფლებას შორის დღევანდელ კენჭისყრასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის რიგი მოდელები განიხილებოდა და ოპოზიციის ნაწილი თანახმა იყო. საუბარია ოპოზიციისთვის და ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატების შეჯერებაზე.
„ჩვენი ინფორმაციით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ესაუბრებოდა სხვადასხვა კონსესუალურ მოდელებზე, მათ შორის იყო ასეთი ფორმულა, რომ ვთქვათ 3/2–ზე ასარჩევ კანდიდატებს შორის, იყო 4/1–ზე ფორმულაც, რომელიც ყველაზე აქტუალური იყო. ამასთან ეს საკითხი (კონსენსუსურად გადაწყვეტის) იდგა ევრორეკომენდაციების დღის წესრიგში [...] ვიცოდი, რომ მოლაპარაკებები მიდიოდა, მაგრამ რატომღაც ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა არ ვიყავით ჩართული ამ მოლაპარაკებებში. ვიცოდით, რომ საკითხი თითქოს აქეთკენ [კონსენსუსისკენ – რედ.] უნდა წასულიყო, იმიტომ, რომ გარკვეული მისაღები კანდიდატურები ჩვენს კოლეგებთან ერთად დღეს გავიარეთ. [...] ამასთან, ვაცნობიერებ ჩვენი დემოკრატიული საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა,ყოფილიყო ერთგვარი კომუნიკაციის პრობლემა ზოგადად ოპოზიციურ ფლანგში. „ხმა არავის არ მივცეთ“ – ეს შეთანხმება არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ინფორმირებულები არ ვიყავით“,– თქვა მაჭუტაძემ ბრიფინგზე და დასძინა, „როცა დავინახეთ, რომ საერთო ოპოზიციური აზრი იყო სხვაგვარი, მაშინვე შევწყვიტეთ პროცესი“.
დისკომუნიკაციას უარყოფენ ენმ–ში. ენმ–ის წევრმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კენჭისყრამდე საერთო „ჩატში“ ჩაიწერა ოთხი კანდიდატის გვარი (არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირების) რეკომენდაციით, რომ მხოლოდ მათთვის უნდა დაეჭირათ მხარი.
“7-8 თვეა მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს საშუალება წარადგინოს და დანიშნული იქნეს არამოსამართლე წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. 7 თვე ვცდილობდით ამ შეთანხმების მიღწევას და ჩვენმა კოლეგებმა იცოდნენ, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ “ქართული ოცნების” წარმოდგენილ ვერსიას, არ იყო შეთანხმება და შესაბამისად, ჩვენ არ დავუჭერდით მხარს არცერთ კანდიდატს.
ოპოზიციის მხრიდან საუბარი იყო მხოლოდ 5 კანდიდატზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და აკადემიურ წრეებს წარმოადგენენ. კენჭისყრამდე “ჩატში” საგანგებოდ ჩაიწერა 4 გვარი, რომ მხოლოდ ამ კანდიდატებზე იქნებოდა შესაძლებელი მხარდაჭერის გამოცხადება. სხვა შემთხვევაში ეს მხარდაჭერა არ უნდა დაფიქსირებულიყო.
მაშინ, როცა “ქართული ოცნება” საგანგებო მობილიზაციით იყო დღევანდელ სხდომაზე, ბუნებრივია ეს თანხვედრა და ჩვენი აწ უკვე ფრაქციის ყოფილი წევრების მიერ სამთავრობო კანდიდატების მხარდაჭერა, ბუნებრივია, კითხვებს აჩენს. მე მგონია, რომ ამას საზოგადოება პასუხს თავად გასცემს”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
პროცესი მწვავედ გააკრიტიკა არასამთავრობო სექტორმაც.
"კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს სასამართლო სისტემაში „კლანის“ მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებას. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მხარი აუბა და ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა, მაშინ, როდესაც საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 - პუნქტიანი გეგმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მართლმსაჯულების გაჯანსაღებას ეხება. დღეს მიღებული ეს გადაწყვეტილება ვერ გააჯანსაღებს მართლმსაჯულების სისტემას და ეს არის ამ პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის გურამ იმნაძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის დეპუტატების ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდათ.
როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს:
„ის, რაც დღეს ჩვენ, პარლამენტში ვნახეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არათუ მზად არის, რომ რეფორმები გაატაროს მართლმსაჯულების სისტემაში, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამყაროს არსებული კლანური მმართველობა ამ სისტემაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მართლმსაჯულების სისტემის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაში „ქართულ ოცნებას“ გარკვეული ოპოზიციური პარტიები დაეხმარნენ. იმედია, გავიგებთ, თუ ვინ იყვნენ ოპოზიციური პარტიებიდან ის დეპუტატები, რომლებმაც ამ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. ჩვენ ვაკვირდებოდით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსის პროცესს და კანდიდატების ინდივიდუალურ გასაუბრებებს. ერთი რამ ნათელია, ეს კანდიდატები არ არიან შერჩეულები საბჭოში მათი კრიტიკული, პრინციპული პოზიციის გამო . პირიქით, ისინი შერჩეული არიან ლოიალურობის მიხედვით, ამიტომ, ჩვენ არავითარი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე არსებითი შედეგი ექნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე. პირიქით, კიდევ უფრო მეტად გამყარდება არსებული მანკიერი პრაქტიკები და პრობლემები, რომელიც ძალიან მწვავე კრიტიკას იმსახურებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ“.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე არამოსამართლე კანდიდატებს 18 მაისის უყრიან კენჭს.


