ეკა გიგაური: "საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანის რუსეთის სივრცეში ინტეგრაცია მოხდეს"
18/05/2023 08:39:49 პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, "საქართველოს მთავრობა რუსეთთან ფრენების აღდგენით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ რუსეთზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს".
„ევროკავშირის სახელმწიფოებში რუსული თვითმფრინავებისთვის სივრცე არის დაკეტილი. ევროკავშირი აღიქვამს ამ საკითხს შემდეგნაირად, რომ თუკი ქვეყანას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუკი ქვეყანა ცდილობს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, მაშინ მან უნდა გაიზიაროს ის პოლიტიკა და ეს არის რუსეთის იზოლაციაში ჩაყენების პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირს აქვს. საქართველოს მთავრობა პირიქით, ეკონომიკითაც უფრო მეტად არის რუსეთზე დამოკიდებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს რუსეთის სივრცეში ინტეგრაცია მოხდეს",-განაცხადა გიგაურმა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ხოლო ქართულ კომპანია "Georgian Airways"–ზე 16 მაისს გასცა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.


