რატომ იქცა „შეკვეთილი მკვლელობის“ სკანდალური საქმე ბანალურ კრიმინალურ „ქეისად“

18-05-2023 13:39:31 სამართალი ,ეს საინტერესოა

სკანდალური საქმე, რომელიც საქართველოში ებრაელი ბიზნესმენის იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების კონტექსტში გავიცანით და საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო, ბანალურ კრიმინალურ „ქეისად“ იქცა და ამ დრომდე ასეთად რჩება.

რა მოხდა?

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის 15 ნოემბრის დილას განაცხადა, რომ ირანის მოქალაქე საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა, რისთვისაც პაკისტანის მოქალაქე დაიქირავა; რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დანაშაულის მცდელობა გამოავლინა და აღკვეთა და დააკავა პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

როგორც მაშინ სუს–ში განაცხადეს, იდენტიფიცირებულნი არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები: „დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“.

გამოძიების ვერსიის მიხედვით:

  • დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქართველოში გამოგზავნა პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა;
  • საქართველოში ჩამოსვლამდე პაკისტანის მოქალაქეს „ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის ობიექტზე“;
  • დაქირავებული მკვლელი („ქილერი“) პირი მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და „გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები“;
  • საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე „მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს“, ფარულად სწავლობდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტებს, მუდმივ კავშირზე იყო უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს;
  • მკვლელობის შემსრულებლისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით, „დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი“.

„კვალის დასაფარად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ ხორციელდებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა“, – აცხადებდნენ სუს–ში.

უწყებისვე ცნობით, პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც „აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე, სხვა მამხილებელი მტკიცებულებები“.

მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ საუბარი იყო საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტზე, „ისრაელის სახლის“ დამაარსებელ ციკ მოშეზე. საქმემ მალევე მიიპყრო საერთაშორისო მედიის ყურადღება:

  • ებრაული გამოცემა The Times of Israel ისრაელის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ იციკ მოშეს მკვლელობა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) ყუდსის ძალებს სურდათ და რომ მათ სხვადასხვა ქვეყნიდან დაგეგმეს ბიზნესმენის მკვლელობა.

Times of Israel-ის ცნობით, უშუალოდ მკვლელობის განხორციელება ირანიდან მიღებული დირექტივებით სცადა პაკისტანურმა ჯგუფმა, რომელიც, მედიის ცნობითვე, ალ-ქაიდასთან არის აფილირებული.

გამოცემა ასევე წერდა, რომ სქემა ქართულმა უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პაკისტანელი პირის ქცევა საეჭვოს მიიჩნია – ეს პირი დააკავეს და ჩხრეკისას იარაღი აღმოუჩინეს.

  • ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ კი დასავლელ თანამდებობის პირებზე (კონფიდენციალური წყაროების) დაყრდნობით იუწყებოდა, რომ პირმა, რომელმაც მოშეს მკვლელობა დაუკვეთა, 2020 წელს დაუკვეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ჯონ ბოლტონის მკვლელობა.შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 45 წლის შაჰრამ პურსაფის დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ბოლტონის მკვლელობის დაგეგმვის გამო და ძებნა გამოაცხადა.

მოტივაცია, სავარაუდოდ, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლაზე „შურისძიება“ იყო [სოლეიმანი, ისლამური რევოლუციის დამცველთა რაზმების ელიტური, ქუდსის დანაყოფის მეთაური, 2019 წლის 27 დეკემბერს შტატების საპასუხო იერიშის შედეგად დაიღუპა – რედ.].

„ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, რომ სტატიის მომზადებისას ესაუბრნენ „15 მაღალი თანამდებობის პირს ვაშინგტონში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, რომლებმაც სენსიტიური ინფორმაცია ანონიმურობის დაცვის გარანტიით გაუზიარეს მედიას”:

„დასავლელი თანამდებობის პირები ვარაუდობენ, რომ პურსაფიმ გასულ წელს ასევე სცადა საქართველოში მცხოვრები ბიზნესმენის, იციკ მოშეს მკვლელობა. იციკ მოშე წლებია, მუშაობს ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად“.

თავად ბიზნესმენმა მკვლელობის დაკვეთა ანტისემიტიზმს დაუკავშირა.

რა ხდება?

მას შემდეგ, რაც საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა, გაირკვა, რომ ბრალდებაში არა გაჟღერებული თამამი ვერსიები, არამედ მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაცია ფიგურირებს.

„ამ ეტაპზე სამივე ბრალდებულს ბრალად აქვს წარდგენილი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და გასაღება. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, კერძოდ, ამ იარაღის შეძენის და ასევე შენახვის მოტივს და მიზეზს, ამ კუთხით აქტიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა მაია სილაგაძე 18 იანვარს, როდესაც სასამართლოს სამივე დაკავებულებისთვის (მათ შორის, „კილერად“ წოდებული ამირ ხანისთვის) შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ვადის გახანგრძლივებას ითხოვდა.

იგივე განაცხადა ამირ ხანის ადვოკატმა დალი ბარბაქაძემაც, როდესაც ჟურნალისტებისთვის ჯერ ცნობილი გახდა, რომ მან გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა, დაასახელა მკვლელობის დამკვეთები, მისთვის მიცემული დავალება, თუმცა ეს არ დაკვალიფიცირდა როგორც ბრალდება.

„მას ბრალი ოფიციალურად წარდგენილი აქვს მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, რაშიც თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალდებულს უფლება აქვს, ჩვენება შეცვალოს ნებისმიერ ეტაპზე, ამიტომ, თუ არ იქნა მოპოვებული სხვა დამატებითი მტკიცებულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისი ჩვენებით ახალ ბრალს ვერ წაუყენებენ“, - თქვა ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ.

საკუთარი უკმაყოფილება არ დაუმალავს იციკ მოშეს, რომელიც დღეს სასამართლოში პროცესზე დასასწრებად მივიდა.

„დაგეგმილი იყო ჩემი ლიკვიდაცია! იყო ამის აღიარებაც! დანარჩენი სასამართლოს საქმეა და მჯერა, ის იმოქმედებს ქართული ინტერესებიდან“,– თქვა მოშემ.

მან გამოთქვა რწმენა, რომ ქართული მხარე მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ვინაიდან მისი ხედვით, საქმე გვაქვს ტერორიზმთან.

„მჯერა, რომ იქნება ეს თუ მეორე ეტაპი, ქართული მხარე მკვეთრ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან რეგიონში, ისევე როგორც სხვაგან, ტერორიზმის შიშია. გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მარტივი, უნდა იყოს მკვეთრი. ამდენად, მჯერა, რომ ამ და მომდევნო ეტაპზე გადაწყვეტილება იქნება ძალიან მკვეთრი, რომ საქართველო არის ტერორიზმის წინააღმდეგ!“,– განაცხადა მოშემ და დასძინა, „35 წელია, ვემსახურები საქართველო–ისრაელის და მსოფლიო ეკონომიკის ურთიერთობებს და ეს არის ტერორი ამის წინააღმდეგ“.

რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, დაკავებულების ადვოკატი მურმან ღურწკაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს არ აქვთ კავშირი მკვლელობის მომზადებასთან, არც რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ეს „დადასტურდა საქმის მასალებით“, რადგან მათ იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულს ედავებიან და არც ამ ნაწილში ცნობენ თავს დამნაშავედ.

ამდენად, კონკრეტულად როგორ იქცა „შეკვეთილი მკვლელობის“ საქმე რიგით კრიმინალურ აქტივობად? შედგა რაიმე სახის გარიგება ძალოვნებსა და სავარაუდო „ქილერს“ შორის ვთქვათ, „ღირებული“ ინფორმაციის სანაცვლოდ? ჩნდება ეჭვი, თუმცა გადაჭრით თქმა რთულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები