კობახიძე – იუსტიციის საბჭოს დარჩენილი წევრების არჩევაზე: დავტოვოთ სივრცე კონსულტაციებისთვის, ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა
18/05/2023 10:11:52 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს სთავაზობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრების ასარჩევად დღეს მხოლოდ ფორმალური კენჭისყრა გამართონ და საბოლოო კენჭისყრამდე კონსულტაციების შესაძლებლობა დაიტოვონ.
"გუშინ დიდი უსუსურობა და უნიათობა გამოამჟღავნა რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა დეპუტატებმა. ვფიქრობ, დაგვჭირდება კონსულტაციები იმ 4 კანდიდატის გარშემო, რომელიც დარჩენილია. ახლა მეორე ტურია, შემდეგ გაიმართება მესამე ტური, სადაც ასევე კენჭი ეყრება იგივე კანდიდატებს. აქედან გამომდინარე, ჩემი შემოთავაზებაა, დავიტოვოთ დრო კონსულტაციებისთვის შემდეგი 10 დღე. რეგლამენტით 2 კვირაში უნდა ჩატარდეს შემდეგი კენჭისყრა, მანამდე გავიაროთ კონსულტაციები ამ 4 კანდიდატის გარშემო, რომელიც დღესაა წარმოდგენილი. დღეს ჩავატაროთ ერთგვარი ფორმალური კენჭისყრა. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის წევრებისადმი ჩემი მოწოდება იქნება, რომ მხარი არ დავუჭიროთ არცერთ კანდიდატს და დავიტოვოთ სივრცე, რომ გაიმართოს კონსულტაციები იმ პლენარულ სხდომამდე, რომელიც 10 დღის შემდეგ ჩატარდება“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უნდა უყაროს კენჭი.
ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად მეორე ტურში ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკალაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა).
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.
ამავე თემაზე: სკანდალური კენჭისყრა: რა ვიცით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრებზე.


