იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევა ორი კვირით გადაიდო
18/05/2023 10:20:45 პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით ასარჩევ ორ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი კვირით გადაიდო.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად ოთხივე კანდიდატი ჩავარდა.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის წინ განმარტა, საკითხს ორ კვირაში დაუბრუნდებიან, მანამდე კი გაიმართება კონსულტაციები მეორე ტურში გადასული კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით.
მესამე ტური 30 მაისს გაიმართება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად მეორე ტურში ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკილაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა).
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.
ამავე თემაზე: სკანდალური კენჭისყრა: რა ვიცით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრებზე.


