კობახიძე: გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი, განცხადებები, ევროკავშირისკენ ჩვენს სწრაფვას დააზიანებს
18/05/2023 11:15:12 პოლიტიკა
"ქართული ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი შესაძლოა, "მმართველი პარტიის სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ არ წაადგეს".
„გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზაინებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები პარლამენტის შენობაში, როცა მას ჰქონდა მოხსენება და დამეთანხმებით, რომ ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში“, – განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სპეკულირებს, როდესაც რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე თანხმობასა და ბრიუსელში მის ვიზიტზე პასუხის არგაცემას ერთმანეთს ადარებს.
"პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს, რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში, აბსოლუტურად გაუგებარი შედარებაა, ეს არის სრულია სპეკულაცია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი ასე სპეკულირებს, უბრალოდ, დასანანია ეს ყველაფერი. რაც შეეხება ვიზიტზე თანმობის გაცემას, ეს არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლება. თუ მაგალითად, მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება პრეზიდენტს არ მისცეს უფლება ვიზიტზე“,- განაცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, თუმცა საქართველოს მთავრობისგან თანხმობა ამ დრომდე არ მიუღია.
„15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 17 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.


