სააკაშვილი: "ვნანობ ამ აეროპორტების არსებობას, ქართველების მასობრივად გასვლისა და რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო"
18/05/2023 13:34:22 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ საქართველოს და უკრაინის ერთგულები.
„ჯერ თბილისის და ბათუმის აეროპორტები ავაშენეთ გიორგი კარბელაშვილთან ერთად. ალბათ ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ქუთაისის აეროპორტი 2008-ში რუსეთის მიერ 500 კილოგრამიანი ბომბებით დაბომბილი კოპიტნარის მაგივრად რომ ავაშენეთ, ვერა ქობალიას და რამაზ ნიკოლაიშვილის აქტიური დახმარებით. ავიყვანეთ ჰოლანდიური არქიტექტორული კომპანია, ძალიან მეჩქარებოდა, რომ ამათ მოსვლამდე ამეშენებინა და საერთაშორისო სტატუსი მიგვეცა. უკვე ბევრჯერ ვნანობ ამ აეროპორტების არსებობას, პირველად ქართველების მასობრივად გასვლის გამო და ახლა რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო. ქართველებო, არა მხოლოდ უკრაინელებს არ უნდა ვუღალატოთ, რომელთაც ჩვენთვის არასდროს უღალატიათ, არამედ პირველ რიგში, საქართველოს ერთგულები უნდა დარჩეთ“, – წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ხოლო ქართულ კომპანია "Georgian Airways"–ზე 16 მაისს გასცა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.


