ელჩები იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ
18/05/2023 13:47:03 პოლიტიკა
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდნენ.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, შეხვედრა უწყების ინიციატივით დაიგეგმა, ხოლო მთავარი თემა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო.
საბერძნეთისა და უნგრეთის ელჩებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ აინტერესებდათ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხები და მიიღეს დეტალური ცნობები. დანარჩენებმა შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ 5 ელჩი და 18 დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 12 მაისს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, დაცვის მხარემ სარჩელის განხილვამდე გამოიყენა ყველა პროცედურული ბერკეტი.
„მინდა, გარკვეული ბუნდოვანება გავფანტო, რომელიც არსებობს ამ პასუხთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ, იუსტიციის სამინისტრომ შექმნა დღევანდელი ბრიფინგით.
ეს არ გახლავთ ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე. მისი ძირითადი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს სასამართლო არსებითად განიხილავს. ეს გახლდათ პროცედურული, დროებითი ღონისძიება, სარჩელის განხილვამდე, სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება. დაცვის მხარემ, ბუნებრივია, პროცესის დაწყებამდე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება, სწორედ, ამგვარი მექანიზმი იყო. ამ პროცედურულ საკითხზე ევროპულმა სასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვარშავაში", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ და დასძინა, "ჩვენი მოთხოვნა საქმის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა მესამე პრეზიდენტის საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანა".


