დეგნანი – ფრენებზე: „სასარგებლო იქნება რუსი ხალხისთვის, ქართველები ღელავენ, რა ფასი ექნება ამას ქვეყნისთვის“
19/05/2023 07:31:21 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ესმის რუსეთთან პირდაპირი ფრენებით შეშფოთებული ქართული საზოგადოების, ვინაიდან მათ აღელვებთ, რა ფასი ექნება ამ გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის.
ამასთან, მისივე თქმით, როდესაც საუბარია ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ყველას ახსოვს, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მოქალაქეების გატაცებას.
„მესმის, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული და რატომ ღელავს ამასთან დაკავშირებით. ბოლო აღწერამ აჩვენა, რომ რუსეთში დაახლოებით, 130 000 ქართველია. უმეტესობას აქვს ორმაგი მოქალაქეობა და ვისაც სურვილი ჰქონდა საქართველოში ჩამოსვლის, უკვე ჩამოვიდა. ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად სასარგებლო იქნება რუსეთის მოქალაქეებისთვის. უამრავი მათგანი შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას. კარგად მესმის, თუ რატომ ღელავს ქართველი ხალხი – ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ რა ფასი ექნება ამას ქვეყნისთვის.
როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე, რა თქმა უნდა, ყველას ახსოს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, გრძელდება სასტიკი თავდასხმები მშვიდობიან სამოქალაქო პირებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე უკრაინაში. გასაგებია ქართველი ხალხის შეშფოთება ამასთან დაკავშირებით“,– თქვა ელჩმა თემის კომენტირებისას.
მას შემდეგ, რაც კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების 2019 წელს დაწესებული ცალმხრივი აკრძალვა გააუქმა, დღეს პირველი რეისი შესრულდება. ამასთან დაკავშირებით ბილისში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დააფიქსირებენ პროტესტს.


