Accentnews.ge
პრემიერი: ჩვენ რომ ევროკავშირის პოლიტიკას დავემორჩილოთ, უნდა ვიყოთ ბლოკის წევრი ქვეყანა, ამას წლები დასჭირდება

პრემიერი: ჩვენ რომ ევროკავშირის პოლიტიკას დავემორჩილოთ, უნდა ვიყოთ ბლოკის წევრი ქვეყანა, ამას წლები დასჭირდება

19/05/2023 08:07:10 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხე არ შეექმნება. მისი თქმით, "საქართველო ჯერ–ჯერობით ევროკავშირის წევრი არაა".

“მე ვფიქრობ, რომ არასწორად აკავშირებთ, თუნდაც აი ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას და ა.შ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია და არასწორი დაკავშირება. რატომ აგიხსნით. მე გეტყვით, რომ ყველაფერს ვაკეთებთ სწორად, ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორად, ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. მე პირადად მქონდა საუბარი და ავუხსენი ჩვენი არგუმენტაცია, მოტივაციაც. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა მეგობრებო, ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათ პოლიტიკას ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჯერ–ჯერობით. ამას დასჭირდება წლები. რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ იმას, რომ თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ბოლო 10 წელიწადში და ბოლო 30 წელიწადში გააკეთა "ქართულმა ოცნებამ". ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა რომელზეც ვერ იოცნებებდა თქვენი პარტიის ვერც ერთი წარმომადგენელი. რატომ მე გეტყვით, ევროპული პერსპექტივით აღიარა ჩვენმა ევროპულმა პარტნიორმა რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. ამაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი”, - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

  • რუსეთთან ფრენების აღდგენას ამ დრომდე ორჯერ გამოეხმაურა ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს–სპიკერი პიტერ სტანო. ბოლოს მან "შემაშფოთებელი" უწოდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ფრენების ნებართვა გასცეს რუსული თვითმფრინავებისთვის.

16 მაისის ბრიფინგზე მან ისიც დაამატა, რომ მცირდება საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან:

"ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ რუსეთიდან და რუსეთში ფრენების განახლების გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთმა ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის გამო ევროკავშირმა რუსეთის ავიაციის სექტორს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც ევროკავშირის ქვეყნები და პარტნიორები ფრენებს რუსეთიდან, რუსეთში და რუსეთის თავზე კრძალავენ. საქართველოს ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას საქართველოს ევროპულ გზასთან და საქართველოს ვალდებულებებთან დაკავშირებით, შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან, რასაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი უკვე ისედაც დაბალი 44%-იდან(გასულ წელს) 31%-მდე (მიმდინარე წელს) დაეცა . ეს ჩვენ შეშფოთებას ნამდვილად იწვევს და ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. გარდა ამისა, ნება მომეცით, გავიმეორო ის, რაც გასულ კვირაში ვთქვი – გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება. რუსეთის საავიაციო სექტორისა და ხომალდების უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთება საქართველოს მთავრობას უკვე გადაეცა".

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ხოლო ქართულ კომპანია "Georgian Airways"–ზე 16 მაისს გასცა. თბილისიდან მოსკოვში პირველი რეისი ხვალ შესრულდება.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S