სალომე სამადაშვილი: ახლა უკვე სანქცირებულ ავიახაზებსაც აძლევენ ფრენის ნებართვას
19/05/2023 09:37:27 პოლიტიკა
"ახლა უკვე სანქცირებულ ავიახაზებსაც აძლევენ ფრენის ნებართვას - ხელისუფლება ქმნის საფრთხეს, რომ საქართველო სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს და კრახით დასრულდეს მცდელობა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ",- ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებით ხელისუფლება სულ უფრო შორდება ევროკავშირის პოლიტიკას.
„ვფიქრობ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ამ საოკუპაციო რეჟიმს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ. ყოველდღე კიდევ უფრო შორს მიდიან ევროკავშირის პოლიტიკიდან. ჯერ ამბობდნენ, რომ სანქცირებული ავიახაზები არ იფრენდნენ, ახლა უკვე სანქცირებულ ხაზებსაც აძლევენ ნებართვას. ერთის მხრივ, ამით ხელისუფლება ქმნის საფრთხეს, რომ საქართველო სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს და მეორე მხრივ, ქმნის რისკს, რომ კრახით დასრულდეს ჩვენი მცდელობა, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“,- განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის: რუსული ავიაკომპანია Red Wings სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია ევროკავშირის „შავ სიაში“ არ არის.


