რა თქვეს თბილისში ჩამოფრენილმა ვალერი კვარაცხელიამ, მერაბ ჭიქაშვილმა და დიმიტრი ლორთქიფანიძემ
19/05/2023 11:59:14 პოლიტიკა
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ შესრულებული პირველი რეისით საქართველოში, მათ შორის "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენელი მერაბ ჭიქაშვილი ჩამოფრინდნენ.
თბილისის ჩამოსვლის შემდეგ პრორუს ქართველებს ჟურნალისტებმა მიმართეს კითხვით, „არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?", თუმცა არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია.
მერაბ ჭიქაშვილის განცხადებით, ამ "შედეგს შენარჩინება სჭირდება":
"პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ იმ გამარჯვებას, რაც მოიტანა სახალხო დიპლომატიამ და კონკრეტულად იმ შედეგმა, რაზეც დავიწყეთ ჩვენ მუშაობა ჯერ კიდევ 7 დეკემბერს. ჩვენი ორგანიზაციის სახელით, "სოლიდარობა მშვიდობის" სახელით, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, გვქონდა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა რუსეთის მხარე, "დუმის" დეპუტაცია, კონკრეტულად ლეონიდ კალაშნიკოვთან და კაზბეკ ტაისაევთან დავაყენეთ საკითხი, რომ საქართველოს მოსახლეობას მოხსნოდა, ყოფილიყო უვიზო რეჟიმი და აღდგენილიყო ფრენები. ჩვენ მივმართეთ ჩვენი ორგანიზაციის, იმ ადამიანების სახელით და საქართველოს უმრავლესობის სახელით, რომ საქართველო იმსახურებს ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა. შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, მიღწეულია, თუმცა ეს არ არის ბოლომდე გამარჯვება".
ვალერი კვარაცხელია ამბობს, რომ ფრენების აღდგენასთან "ქართული ოცნება" არაფერ შუაშია:
"დაანებეთ თავი პუტინს! პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ის, რომ გაუქმებულია რუსეთთან სავიზო რეჟიმი და დაწყებულია პირდაპირი ფრენები. მთელი ქართველი ხალხი ამას მიესალმება, ვისაც უნდა, გაფრინდება, ვისაც არ უნდა არ გაფრინდება. აქ "ქართული ოცნება" არაფერს შუაშია, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება "ქართულ ოცნებასთან". ჩვენ ვართ ის ჯგუფი, რომელმაც სახალხო დიპლომატიის დონეზე შევძელით გარღვევა ამ მოჯადოებული წრის. 23 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი იტანჯებოდა, ვისაც მიმოსვლა სჭირდებოდა და ჩვენ გავარღვიეთ ეს წრე".
ჟურნალისტებმა კვარაცხელიას ჰკითხეს, "არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი", რაზეც მან შემდეგი განაცხადა:
„რუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია, ის ახლა გარეთ დგას და წკავწკავებს. ჩვენ რუსეთს გადავაქცევთ მეგობრად".
ჟურნალისტებმა მას ჩამოუთვალეს ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა, რომლებიც ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ამ გვარ–სახელების ხსენების შესახებ კვარაცხელიამ ჟურნალისტს ჰკითხა: "ვინ არიან ესენი?".
ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ეს პირები ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველები არიან და დაინტერესდა, დააყენებდა თუ არა რუსულ მხარესთან მათი გათავისუფლების საკითხს.
"გავათავისუფლებთ ყველაფერს, რაც გასათავისუფლებელია", – განაცხადა კვარაცხელიამ.
კვარაცხელია ამბობს, რომ იგი მადლიერია რუსეთის, რადგან მადლიერება უნდა გამოხატოს ყველას მიმართ, ვინც თხოვნას შეუსრულებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე ირწმუნება, რომ "მისი ამოცანაა დახმარება გაუწიოს მის ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში":
„ჩემი ამოცანა, როგორც პოლიტიკოსის, არის აღვადგინო და დახმარება გავუწიო ჩემს ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ეს არის ჩემი მრწამსი, პოლიტიკური კრედო“.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვი-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროტესტის ფონზე დაეშვა. დღესვე რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის ფაქტს თბილისში, პარლამენტთან კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.


