გიორგი ვაშაძე: "ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, დღეს ხვალ და მუდმივად, სანამ არ შეწყდება ფრენები რუსეთთან"
19/05/2023 12:56:23 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პროტესტი უნდა იყოს მანამ, სანამ რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები არ შეწყდება.
მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა მოპყრობილია თბილისზე, მთელი მსოფლიო ელოდება ახლა ქართველი ხალხის პასუხს ამ მავნებლობაზე, ღალატის ანატომიაზე, რომელსაც სჩადის ახლა „ქართული ოცნება“. ამიტომ ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, დღეს ხვალ და მუდმივად, სანამ როგორც რუსული კანონი არ გავატანინეთ პარლამენტიდან, ასევე არ შეწყდება ფრენები რუსეთის ფედერაციასთან. ვალერი კვარაცხელიაც კი გამოიყვანეს, რომელიც არის სიმბოლო რუსეთის ინტერესების გატარების საქართველოში ბნელ 90-იანებში. არავის გვაქვს უფლება ეს სტატუს-კვო მივიღოთ, არც ერთი ოკუპანტი არ უნდა იყოს საქართველოში, არც ერთ ადამიანს, ვინც არ აღიარებს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველოში არაფერი ესაქმება. ყველამ, ვინც ჩამოვა, უნდა მოაწეროს ხელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შემდეგ უნდა ჰქონდეს შემოსვლის უფლება. დღეს კი ვხედავთ ყველა პროცედურის გვერდის ავლით, თაღლითურად უნდათ ფაქტის წინაშე დაგვაყენონ, რომ პირდაპირი რეისები არის რუსეთთან. დღეს 7- ზე თუ 8- ზე, როცა იტყვით, გელოდებით რუსთაველზე, არა რომელიმე პარტიისთვის, პოლიტიკოსისთვის, არამედ თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვი-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროტესტის ფონზე დაეშვა. დღესვე რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის ფაქტს თბილისში, პარლამენტთან კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.


