გომელაური: „რამდენიმე ისროდა "მოლოტოვის კოქტეილებს“ და ღმერთმა ქნას, დავადგინოთ“
19/05/2023 17:36:53 პოლიტიკა
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, რომ 8 მარტის აქციაზე არაერთხელ გამოიყენეს „მოლოტოვის კოქტეილი".
მისი თქმით, დააზიანეს პოლიციის ავტომანქანები, ავტობუსი და ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანას. მინისტრის განცხადებით, სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ. მათგან ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო, ერთს [ლაზარე გრიგორიადისს] - პატიმრობა.
გომელაურმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი.
როგორც შს მინისტრი აცხადებს, 7-8 მარტის აქციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული იყო პროპორციული ძალა. პოლიცია ატარებდა კანონით მისთვის მინიჭებული უფლების გამოყენებას, კანონის ფარგლებში ატარებდა ყველა ღონისძიებას და ადგილი არ ჰქონია გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი კანონმდებლობის და საერთაშორისო წესების დაცვის, არაერთი გაფრთხილების შემდეგ იყენებდნენ სპეციალური საშუალებებს. „ხაზგასასმელია, რომ პოლიცია ძირითადად მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების რეჟიმში", - დაამატა მინისტრმა.
მისი თქმით, „იქ, ერთი არ ისროდა, მიმდინარეობს გამოძიება, რამდენიმე ისროდა "მოლოტოვის კოქტეილებს“ და ღმერთმა ქნას, რომ დავადგინოთ, თუ ვინ იყო ზუსტად“.


