ვაშაძე: "აქციები გაგრძელდება, მთელი საქართველო აქ დადგება"
19/05/2023 17:52:55 პოლიტიკა
როგორც რუსული კანონი გაიტანეს ხალხის ერთიანობით, ამ ფრენებსაც შეწყვეტენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
„ჩვენი სამშობლო რუსიფიკაციისკენ მიჰყავს რუსეთს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ. როგორც რუსული კანონი გაიტანეს, ხალხის ერთიანობით ამ ფრენებსაც შეწყვეტენ. აუცილებლად მოხდება ეს. გაგრძელდება აქციები, იქნება ერთი დღე, ორი, სამი და შემდეგ მთელი საქართველო აქ დადგება და აუცილებლად რუსულ რეჟიმს თავის გზას მივუჩენთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
თბილისში პარლამენტის შენობის წინ დაიწყო საპროტესტო აქცია, „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“.
აქციის მონაწილები აპროსტებენ ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების განხორცილეების შესაძლებლობა მისცა, მეორე მხრივ, აფიქსირებენ პოზიციას რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებით: „არა რუსულ კანონს!“, „არა რუსულ მთავრობას!“ – სკანდირებენ აქციის დემონსტრანტები.
მათი აზრით, მიზანი რუსეთთან დაახლოება და დასავლეთისგან დისტანცირებაა, რისი შედეგიც იქნება დარჩენილი სუვერენიტეტის მაქსიმალური შეზღუდვა და რომ ახლა საზოგადოების განწყობების კიდევ ერთხელ მოსინჯვა მიმდინარეობს.
"თუ რუსეთი უნდათ, ვუყიდით ბილეთებს, გაფრინდნენ და დარჩენენ რუსეთში",– აცხადებენ აქციის მოანწილეები.
რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა ხალხის სიმრავლის გამო.
რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ დღეს თბილისის აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისით ავიაკომპანია "აზიმუტის" პირველი თვითმფინავი დაეშვა. პარალელურად, აეროპორტის შესასვლელთან რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. აქციაზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.


