NYT: რუსეთთან ფრენების აღდგენით საქართველოში დაძაბულობა მატულობს
19/05/2023 20:13:59 პოლიტიკა
რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა და ამასთან დაკავშირებით თბილისში 19 მაისს განვითარებული მოვლენები The New York Times-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოში დაძაბულობა იმატებს და რომ სავიზო პირობების შემსუბუქება შეშფოთებას იწვევს გამოიწვია ქვეყანაში, რომელსაც 2008 წელს რუსეთი დაესხა თავს.
სტატიაში ნათქვამია, რომ მოსკოვი–თბილისის მგზავრებს პროტესტითა და შეძახილებით შეხვდნენ.
ავტორი აღნიშნავს, რომ წარწერები "რუსებო, წადით სახლში" თბილისში ჩვეულებრივი მოვლენაა და NATO-ში გაწევრიანებაც ქვეყნის კონსტიტუციით არის განმტკიცებული.
"მაგრამ პარასკევს მოსკოვიდან Azimuth Airlines-ის რეისის A4851 ჩასვლის შემდეგ კავკასიის მთებში მდებარე პატარა საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მოსკოვთან მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ. ეს მოყვა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 10 მაისის განკარგულებას რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
ფრენების განახლება და პარასკევის აქციები ხაზს უსვამს საქართველოს შიგნით არსებულ დაძაბულობას რუსეთთან ურთიერთობის გამო და სიფრთხილეს, რომელსაც ბევრი ქართველი გრძნობს იმ ქვეყანასთან დაახლოების გამო, რომელთანაც 15 წლის წინ ომი ჰქონდა, გასულ წელს კი უკრაინაში შეიჭრა – კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში",– ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორი აღნიშნავს, რომ ურთიერთობების დათბობა ასევე ასახავს მოსკოვის სურვილს, დაამყაროს კონტაქტი სხვა მთავრობებთან, იქნება ეს მეგობრული ურთიერთობის თუ მძიმე დიპლომატიის მეშვეობით, რათა იპოვოს რაც შეიძლება მეტი პარტნიორი, რადგანაც დასავლური სამყაროს დიდი ნაწილი მას წინ აღუდგა.
ავტორი წერს, რომ წარსულში საქართველომ აჩვენა თავისი დაპირისპირება მოსკოვთან, თუმცა ახლა იქცა ერთ-ერთად იმ რამდენიმე საბჭოთა რესპუბლიკიდან, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგაც კი დაუახლოვდა.


