Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა
20/05/2023 10:14:03 პოლიტიკა
ქართულმა ავიაკომპანიამ "Georgian Airways"-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დილის 07:00 საათზე გაფრინდა, ბორტზე 85 მგზავრი იმყოფებოდა.
"ავიაკომპანიამ განახორციელა პირველი რეისი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. პირველ რეისზე 85 მგზავრი გვყავდა. Georgian Airways გეგმავს, ყოველდღიურად ფრენების შესრულებას, კვირაში 7 სიხშირით. კონკრეტულად რამდენი ქართველი იყო ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, არ მომიძიებია მაგრამ, რა თქმა უნდა, იყვნენ ქართველი მგზავრებიც. მოსკოვიდან ჩამოფრენილ რეისს ველოდებით 15:30 საათზე", - განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ქართულ კომპანია "Georgian Airways"–ზე 16 მაისს, ხოლო კიდევ ერთ რუსულ კომპანია "Red Wings"–ზე 18 მაისს გასცა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.
19 მაისს მოსკოვი-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროტესტის ფონზე დაეშვა. ბოლო 4 დღეა, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის ფაქტს თბილისში, პარლამენტთან აპროტესტებენ.


