Accentnews.ge
"ნაციონალური მოძრაობა":  სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დღეს პარტიის, სულ მცირე, 10 წევრი დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობა":  სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დღეს პარტიის, სულ მცირე, 10 წევრი დააკავეს

20/05/2023 10:25:34 პოლიტიკა

კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სულ მცირე, 10 წევრი დააკავეს. ისინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში სავარაუდო ყოფნას აპროტესტებდნენ.

პარტიის ცნობით დაკავებულები არიან:

  • "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი;
  • საგარეჯოს საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით დიღმელაშვილი;
  • გურჯაანის საკრებულოს წევრი ენმ რამაზ ქერეჭაშვილი;
  • ​ყვარელის საკრებულოს წევრი ენმ- დან ნიკა ღონიაშვილი;
  • ენმ - ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე;
  • ენმ-ის წევრები გიორგი და ალიკა მირაქოვევები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია.

ასევე დაკავებულები არიან ენმ-ის სხვა წევრები და სამოქალაქო აქტივისტები".

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს პერიოდულად აკავებენ. დაკავებულებზე ინფორმაცია შსს ჯერ–ჯერობით არ გაუვრცელებია.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა სასტუმროდან გამოსულ მიკროავტობუსებს კვერცხები დაუშინეს შეძახილებით: „რუსების ადგილი საქართველოში არ არის“.

როგორც ტელეკომპანია "პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ყვარლის ტერიტორიაზე სიგნალების ჩამხშობი მოწყობილობები აამუშავეს, ხოლო მის ოპერატორს სამართალდამცველებმა ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, რომლითაც პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა.

სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა ქმართან ალექსანდრ ვინოკუროვასთან ერთად ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბის" კომპლექსში იმყოფებოდა, სადაც ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილია დაგეგმილი.

ეს ინფორმაცია უარყო სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს 11:00 საათიდან სასტუმროსთან აქცია იმართება. ადგილზე, მათ შორის ოპოზიტიური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S