ირაკლი კობახიძე "ყვარლის ტბასთან“ გამართულ პროტესტს "ქსენოფობიურ კამპანიას" უწოდებს
20/05/2023 11:24:47 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში სავარაუდო ყოფნასთან დაკავშირებით კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ გამართულ პროტესტს "ქსენოფობიური კამპანიის მეოთხე ტალღას" უწოდებს.
კობახიძე აცხადებს, რომ „ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“.
„ჩვენ წინასწარ ვაკეთებდით პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა და რაც გვქონდა პროგნოზი ზუსტად ის ახდა. ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება და მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის. მე ვეყრდნობი სასტუმროს ინფორმაციას, ამაზე არ მაქვს დაზუსტებები, მონაცემები. ჩემთვის მთავარია, რომ აქ არის კონკრეტული მიდგომა, რაც იკვეთება კონკრეტული ადამიანების ქმედებებში და ასევე ორმაგი სტანდარტი. თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, როდესაც მიხალკოვის შვილის ქორწილი შედგა საქართველოში, მაშინ პირადად ესტუმრა მას მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გვახსოვს ასევე დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტების აღელვებული პოსტები. დღეს იგივე ადამიანები გამოდიან ქსენოფობიური კამპანიით. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანი. ეს მიზანი არის ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და მთავარი პროვოკატორები არიან დღეს სცენაზე: ხოშტარია, მელია და ა.შ.
როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე პირველი სახელობითი ინფორმაცია აქვს ხოლმე ყოველთვის ხოშტარიას თუ დააკვირდებით. პოზნერის შემთხვევაშიც ასე იყო. ახლაც ამტკიცებს, ზუსტად იცის, რომ კონკრეტული ადამიანია ჩამოსული საქართველოში. საინტერესოა, რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ ის პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ყვარელში ლავროვის სანქცირებული შვილის შესაძლო ყოფნის თაობაზე ადგილზე, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები ჩავიდნენ. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დილიდან ხმაურია. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დააკავეს.
შსს–ს ცნობით, აქციაზე 16 პირი დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა ქმართან ალექსანდრ ვინოკუროვასთან ერთად ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბის" კომპლექსში იმყოფებოდა, სადაც ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილია დაგეგმილი.
ეს ინფორმაცია უარყო სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ.
„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


