საქართევლოს პრეზიდენტი: ის ადამიანები, რომლებიც დღეს ქორწილის გადახდას აპირებდნენ, წასულები არიან
20/05/2023 13:11:10 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველო დატოვეს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა.
„მართალია, გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მივიღე პირობა, რომ ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ქორწილის გადახდას აპირებდნენ, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგაოდების ერთგვარი გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო ამ ქვეყნიდან გავრილოვის გასვლა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, არ შეიძლება, ხელისუფლება ამ დაძაბულ სიტუაციაში საკუთარი ხალხის ნერვებზე თამაშობდეს.
„მთავრობას აქვს თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, რომ საზღვარი იყოს დაცული. რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა? რას ნიშნავს, რომ სანქცირებული და თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით? გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი შემოსული იყო, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები როგორც უნდათ და სანქცირებული რუსები“,– განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა მოუწოდა ხელისუფლებას, შემოიტანოს პარტნიორი ქვეყნების სანქცირებულთა სიები და ამ სიებით იხელმძღვანელონ ყველა საზღვარზე:
"ეს მინიმუმი დაცვაა ამ ქვეყნის, რომელიც ისედაც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი საფრთხის ქვეშაა და საჭიროა, უფრო მეტად დაცული იყოს, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული. ეს ევალება ხელისუფლებას“.
19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმრო „ყვარლის ტბაში“, ქმართან ერთად იმყოფება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის აცხადებს, რომ ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ინფორმაციის გავრცელებას სასტუმროსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის დროს სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს.


