მამუკა მამულაშვილი: მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, საუბარი იმაზე, რომ ბახმუტი დაეცა, ძალიან ზედმეტია
22/05/2023 07:06:38 პოლიტიკა
უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ რუსული ძალების მიერ ქალაქ ბახმუტის დაკავების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია რუსული პროპაგანდის ნაწილია.
"მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ქალაქის გარკვეულ ნაწილს, საკმაოდ დიდ ნაწილს რუსეთი ფლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბახმუტი დაეცა ან ბოლომდე გადაცემულია რუსეთისთვის. ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდისტული მანქანაა, რომელიც ამას ავრცელებს. საკმაოდ რთული ბრძოლები მიმდინარეობს მაგ მიმართულებაზე, როგორც ყველა სხვა დანარჩენ მიმართულებაზე, უბრალოდ ბახმუტმა ბევრი ყურადღება მიიპყრო და რუსეთს ძალიან უნდოდა ამის გამოყენება საკუთარ პროპაგანდად პუტინის ბრიფინგისთვის. ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ლაპარაკი იმაზე, რომ ბახმუტი დაეცა, ძალიან ზედმეტია", - აცხადებს, "მთავარი არხის" ცნობით, მამულაშვილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება.
20 მაისს რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, ხოლო 21 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადეს, რომ "არტიომოვსკის აღების ოპერაცია დასრულებულია და ქალაქი ბახმუტი მთლიანად გაათავისუფლეს".
რუსეთი ბახმუტს არტიომოვსკად მოიხსენიებს.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფებმა და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია, ინტენსიური შეტევა 2022 წლის აგვისტოდან დაიწყეს. ბახმუტი, სადაც ომის დაწყებამდე 72 000 ადამიანი ცხოვრობდა, მთლიანად დანგრეულია.


