კალაძე: "თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, უფლება აქვს შემოვიდეს, სანქციებს არ ვუერთდებით"
22/05/2023 08:55:26 პოლიტიკა
"თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში", - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, "რატომ არ ხდება ევროკავშირის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციების გათვალისწინება და შემოუშვებენ თუ არა საქართველოში ევტუშენკოვს, გავრილოვს ან კალაშნიკოვს?".
როგორც კალაძემ აღნიშნა, "საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად განაცხადა, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ამას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს".
"ჩვენ აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამალვისა და მიკიბ -მოკიბვის გარეშე, გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვუერთდებით სანქციებს. ეს გადაწყვეტილება მიღებული და გაკეთებულია ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა კალაძემ.
19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ ქმართან ერთად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ინფორმაციის გავრცელებას სასტუმროსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის დროს სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. 20 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადა, რომ ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველო დატოვეს. პრეზიდენტმა მოუწოდა ხელისუფლებას, შემოიტანოს პარტნიორი ქვეყნების სანქცირებულთა სიები და ამ სიებით იხელმძღვანელონ ყველა საზღვარზე.


