ენმ სანქცირებულ პირთა საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე კანონპროექტის განხილვის დაწყებას მოითხოვს
22/05/2023 09:06:38 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, პარლამენტმა განიხილოს ენმ–ის ფრაქციის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საქართველოში სანქცირებული პირების შემოსვლის აკრძალვას ითვალისწინებს.
ენმ-ის წევრი ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლის მხრიდანაც ხორციელდება საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესია, ასევე – იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ეთანამშრომლებიან საქნცირებულ კომპანიებს.
კანონპროექტის მიხედვით, იმ ქართულ კომპანიებს და საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არიან საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსება და ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებათ.
19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ ქმართან ერთად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ინფორმაციის გავრცელებას სასტუმროსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის დროს სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. 20 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადა, რომ ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველო დატოვეს. პრეზიდენტმა მოუწოდა ხელისუფლებას, შემოიტანოს პარტნიორი ქვეყნების სანქცირებულთა სიები და ამ სიებით იხელმძღვანელონ ყველა საზღვარზე.


